ნატოს მოვალეობა – 70 წლის ასაკში
ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი
დღეს, როდესაც ნატო მისი დაარსებიდან სამოცდამეათე, ხოლო ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში გაფართოებიდან მეოცე წელს აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ წარსულზე ფიქრი როდი გვმართებს. ჩვენი მისიის შესრულება მომავალშიც რომ შევძლოთ, კრემლს აღარ უნდა მივცეთ საშუალება, ფაქტიური ვეტო დაადოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნების შემოერთებას.
წელს ნატო ორ თარიღს აღნიშნავს. მისი დაარსებიდან 70 წელი გავიდა, ხოლო ყოფილი რკინის ფარდის მიღმა გაფართოებიდან კი – 20 წელი. წარსულს თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ალიანსი არა მხოლოდ იმიტომაა ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომ ის სამხედრო თვალზარისითაა ძლიერი, არამედ იმიტომაც, რომ ის თავის წევრებს იმედს სთავაზობდა. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ნატოს (და ევროკავშირის) წევრობის პერსპექტივამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ცენტრალური და აღმოსალეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში დემოკრატიისა და თავისუფალი საზოგადოებების მშენებლობაში.
რჩება რა “ღია კარის პოლიტიკის” ერთგული, ნატო კვლავაც იღებს ახალ წევრებს. დასანანია, რომ გაფართოების 20 წლის წინანდელი ჟინი განელდა და გზა რუსეთის გაღიზიანებისადმი სიფრთხილეს დაუთმო.
უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ როგორც კი ნატო ყოყმანს იწყებდა, რუსეთი შეტევაზე გადმოდიოდა.
მაგალითად, 2008 წლის აპრილში ნატოს წევრები ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი განეხილათ. გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებით ჩვენ გადავწყვიტეთ საკითხის გადაწყვეტა წლის ბოლომდე გადაგვედო. ჩემი ხედვით, ეს შეცდომა იყო.
სულ რამდენიმე თვე გავიდა ჩვენი შეხვედრიდან და რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მევედევმა საქართველოში შეჭრის ბრძანება გასცა. მას მერე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
წევრობის სამოქმედო გეგმის ინსტრუმენტი ნატომ 1999 წლის აპრილიდან შემოიღო, რათა მომავალი წევრების მომზადება უზრუნველეყო. თუმცა, მისი გამოყენების კრიტერიუმები იმგვარია, რომ ფაქტიურად ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც ტერიტორიული დისპუტები გააჩნია, ნატოს წევრობისაკენ გზას უღობავს.
კრემლში ამას სწრაფად მიხვდნენ და ამიტომაც დაიწყეს ე.წ. “გაყინული კონფლიქტების” გაღვივება. ეს კონფლიქტები გარკვეულ ტერიტორიებზე სუვერენობის შესახებ დისპუტებს წარმოადგენენ, რომლებიც ძალადობით იწყება და შემდეგ გამოუვალი მდგომარეობის შექმნით მთავრდება. ამ გზით რუსეთმა ნატოს შემდგომ გაფართოვებაზე პრაქტიკულად ვეტოს უფლება მოიპოვა.
ამ ცინიკური სტრატეგიის საუკეთესო მაგალითი უკრაინაა. 2014 წელს კიევში მიმდინარე მასობრივი პროტესტების ფონზე, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა. დაინახა რა, რომ რუსეთი დასავლეთისაკენ მკვეთრი შემობრუნების გზას დაადგა, პუტინი ნაცად პრაქტიკას მიუბრუნდა და სპეციალური დანიშნულების ძალების გადასხმით ყირიმის ანექსია მოახდინა. ამას მალე აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის შეჭრა მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება.
ამასწინათ, ნატო-რუსეთის 2008 წლის შეხვედრისას გაკეთებულ ჩემს ჩანაწერებს გადავხედე და დავინახე, რომ პუტინმა იქ რამოდენიმე განცხადება გააკეთა, რომელთა ექოც შემდეგ ყირიმის ანექსიისას გავიგონეთ – მაგალითად, მან თქვა, რომ უკრაინის მოსახლეობა ერთი მესამედით რუსია, რომ ეს ქვეყანა ამჟამინდელი ფორმით მხოლოდ სსრკ-ს გადაწყვეტილების გამო არსებობს. მეტიც, პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ჯერ კიდევ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის დროს გაგვაფრთხილა, რომ შემდეგი რიგში უკრაინა იქნებოდა. ამ სიგნალებს ჩვენ მაშინ ყური არ ვათხოვეთ.
ყველაფერი ამის მიუხედავად, საქართველოდა უკრაინა ნატოს წევრობისათვის აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებაში მნიშვნელოვნად მიიწევენ წინ, იმ იმედით, რომ ერთხელაც ალიანსის წევრები გახდებიან. ნატოსთან სულ უფრო ახლო ურთიერთობის პერსპექტივამ საკვანძო გავლენა იქონია ამ ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიულ და სამხედრო რეფორმებზე, ორივე ქვეყანა დღეს ნატოს მისიების ხშირი მონაწილეა და ამ საქმეში ალიანსის ბევრ წევრზე უფრო მეტადაა ჩართული.
ამისდა მიუხედავად, საქართველოს და უკრაინას დამატებითი რეფორმები სჭრიდებათ, სანამ ნატოს სრულუფლებიანი წევრობის სტანდარტს მიაღწევენ. უკრაინა ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ემზადება, საქართველო კი მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებს გამართავს. ორივე შემთხვევაში, ამ ქვეყნების არჩევანი მომავალ წლებში მათ მომავალს განსაზღვრავს.
ფსონზე ბევრი რამ დევს, შესაბამისად ნატოს წევრებმა ქართველ და უკრაინელ ხალხს მათი დემოკრატიული სულისკვეთების გულთბილ წახალისებაზე უფრო მეტი უნდა შესთავაზონ. მათ უნდა აღიარონ, რომ კრემლის პარანოია დამანგრეველ როლს ასრულებს ნატოში გაწევრიანების პროცესში. დიახ, ჩვენ კვლავაც უნდა გავუწოდოთ ხელი პუტინის რუსეთს, თუკი ის ქცევას შეიცვლს. ამავე დროს, წევრობის მსურველი ქვეყნების სტატუსი განუსაზღვრელი დროით არ უნდა გავყინოთ მხოლო იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგე მოვთაფლოთ.
კრემლის მიზანია, მანამდე შეაკავოს ამ ქვეყნების წინსვლა, სანამ მათში რეფორმებისაკენ სწრაფვა არ განელდება.
თუკი რუსეთს ამის გაკეთების საშუალებას მივცემთ, ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებაზე ვიტყვით უარს. დაარსების 70-ე წლისთავზე, ნატომ უნდა დააწესოს ნათელი სამანები ახალი წევრების ალიანსში შემდგომი ინტეგრაციისათვის.
შეგვიძლია, უკრაინისათვის გაღრმავებული შესაძლებლობების პარტნიორობის ( Enhanced Opportunities Partnership ) მინიჭებით დავიწყოთ, სტატუსისა, რომელიც გააჩნიათ შვედეთს, ფინეთს და უკვე საქართველოსაც კი. ამით უკრაინის ურთიერთობა ალიანსთან ოფიციალურ ხასიათს მიიღებს და შეიქმნება წევრობის სამოქმედო გეგმისა და სრული წევრობისაკენ მიმავალი გარდამავალი საფეხური.
ამავე დროს, ნატოს წევრებმა უნდა დაამძიმონ ზეწოლა (სანქციები) რუსეთზე, რათა მან დაასრულოს კონფლიქტი დონბასში, როგორც ეს 2014 წლის მინსკის პროტოკოლშია გაწერილი და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
ალიანსმა ნათლად უნდა განაცხადოს, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება აღარ იქნება განხილული, როგორც წინაღობა ნატოს სრული წევრობისაკენ მიმავალ გზაზე.
ამ საქმეში, ნატოს შეუძლია ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მაგალითი გამოიყენოს. კვიპროსი ევროკავშირისა და ევროს მონეტარული ზონის სრული წევრია, თუმცა ევროპის კანონმდებლობის გავრცელება შეჩერებულია კუნძულის იმ ნაწილზე, რომელსაც კიპრიოტი მთავრობა ვერ აკონტროლებს. მსგავსადვე, ნატოს შეუძლია უსაფრთხოების გარანტიები გაავრცელოს იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველოს და უკრაინის მთავრობები აკონტროლებენ.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი? როცა ამასწინათ დონბასში კონტაქტის ხაზზე ვიყავი – ანუ ფრონტის ხაზზე უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს შორის – უკრაინელმა ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ სიამაყით იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის – არა მხოლო მათი ქვეყნის საკეთილდღეოდ, არამედ მთელი ევროპისათვის.
თუკი ნატოს სურს, არსებობის მერვე ათწლეულის განმავლოშიც შეასრულოს თავისი მისია, მან პატივი უნდა მიაგოს იმ მსხვერპლს, რომელიც ამ ჯარისკაცებმა თავისი ქვეყნის ალიანსის წევრობისაკენ მიმავალ გზაზე დასაყენებლად გაიღეს. ნატოს გაფართოება უკრაინის და, ერთხელაც, საქართველოს ჩართვით ვერასოდეს იქნება ადვილი გადასაწყვეტი. მთავარია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ალიანსის დღევანდელ და მომავალ წევრებს ჰქონდეს და არა რუსეთს. რაც უფრო დიდხანს დავანახებთ პუტინს, რომ ნატოს საქმეებში მისი ჩარევა ნაყოფიერია, მით უფრო აქტიურად გამოუთხრის ის ძირს დემოკრატიული ქვეყნების სუვერენობას.
ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის ყოფილი პრემიერ მინისტრია. ამჟამად ის უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საგარეოპოლიტიკური მრჩეველი და Rasmussen Global-ის, საკონსულტაციო ფირმის თავმჯდომარეა.