კვლევა: საქართველოში ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაბალია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხვაში შეტანილი ინსტიტუტებიდან საზოგადოების ყველაზე დაბალი ნდობით პარლამენტი, სასამართლო სისტემა და ცენტრალური საარჩევნო კომისია სარგებლობს.
კვლევის მიხედვით, ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკლესიას აქვს. ეს ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც „სრულად ენდობა“ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 55 %.
ნდობის დადებითი მაჩვენებელი (სრულად ვენდობი+უფრო ვენდობი, ვიდრე არა / უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი+სრულად არ ვენდობი) აქვთ ასევე პოლიციას (48/17) და ადგილობრივ ხელისუფლებას (35/22). უარყოფითი ბალანსი აქვთ: პრეზიდენტს (31/29), ცესკოს (27/35), პრემიერ-მინისტრს (27/29), პარლამენტს (16/43). მკვეთრად უარყოფითია სასამართლოსადმი ნდობის ხარისხიც (18/36). რაც შეეხება არასახელმწიფო ინსტიტუტებს, მედიისადმი გაორებული დამოკიდებულებაა (19/19, მაშინ, როდესაც 56% ამბობს, რომ ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ – არა), ხოლო არასამთავრობოებისადმი – ცდომილების ზღვარზე (25/26/35).
რესპონდენტების 53 %-ს მიაჩნია, რომ სასმართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 35 % ფიქრობს, რომ ინსტიტუტი კორუმპირებულია, 50 %-ის მოსაზრებით კი, ის სამართლიანი არ არის. 43 % მიიჩნევს, რომ სისტემაში გავლენიანი ჯგუფები, ე.წ. კლანია. ამასთან, 87 %-ის მოსაზრებით, ე.წ. კლანს მოქმედი ხელისუფლების წევრები მხარს უჭერენ.
რესპონდენტებს კითხვა იმის შესახებაც დაუსვეს, უნდა დატოვონ თუ არა სასამართლო სისტემა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფებმა, რაზეც 94 %-მა დადებითი პასუხი გასცა. გამოკითხულების 83 %-ის მოსაზრებით, ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში „ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ“, სისტემაში აღარ უნდა მუშაობდნენ.
რესპონდენტების 46 % ფიქრობს, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, 41 %-ის მოსაზრებით, ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ უნდა ერეოდეს, 26 % მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. 9 % კი, ამის საშუალებად ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის სისტემიდან წასვლას ასახელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)