სენატის დაარსებისათვის
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 18 მაისი, N108.
დამფუძნებელ კრების სათანადო კომისიებში უკვე წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს კანონ-პროექტი საქართველოს სენატის დებულებისა. ამ დებულების პროექტი შეიცავს ორს ვარიანტს: ერთი გულისხმობს სენატის მოწყობას იუსტიციის სამინისტროს გაუქმებით, ხოლო მეორე ვარიანტით სამინისტრო დატოვებული იქნება.
ამხანად ჩვენ არ გვაინტერესებს დებულების პროექტში წამოყენებული სპეციალური საკითხი, რომელსაც ალბათ იურისტები გადასწყვეტენ სახელმწიფოებრივ აპარატის გამარტივების და რეორგანიზაციის საკითხთან შეფარდებით.
მას შემდეგ, რაც რუსეთთან ჩვენი კავშირი გაწყდა და შემდეგ სავსებით ჩამოვშორდით მას, საქართველოში აღარ არსებობს უმაღლესი სასამართლო. წინეთ ასეთი იყო სენატი. მას ექვემდებარებოდა ყველა საკასაციო საქმეები და აგრეთვე გადაჭრა იმ დავისა, რომელიც შეიძლება აღძრას მთავრობის წარმომადგენელთა მხრით კანონის დარღვევის გამო. მართალია, ზოგიერთ საქმეებში საკასაციო ფუნქციები ჩვენი სეპარატიული კანონებით გადაეცა თფილისის სამოსამართლო პალატას, მაგრამ საერთოდ საქართველო დღემდის მოკლებულია უმაღლეს სასამართლოდ. ეს გარემოება კი ქმნის გაუგებრობას, საქმის დაგვიანებას, ანარქიას და ნორმალურ ცხოვრების მსვლელობას კიდევ უფრო აფერხებს.
რევოლუციის ხანაში ისედაც იქმნება ფსიხოლოგია სასამართლოს უარმყოფელი. ამ მხრით ჩვენი ქვეყანა ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენდა სასამართლოსადმი სიძულვილის გასაძლიერებლად იმ სისტემის მეოხებით, რომელსაც რუსეთის ბიუროკრატიული იუსტიცია ატარებდა ჩვენში. ეს ძველი სისტემა დღესაც ბატონობს: მართალია, ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული კანონი მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსი, მაგრამ პირველი მხოლოდ ახლა დგება ფეხზე და შესაფერ შემადგენლობის უქონლობით ძალიან მოიკოჭლებს, ხოლო მეორე როდის განხორციელდება ჯერ არც კი ვიცით, რადგან ერობებს ვერ მოუხერხებიათ საჭირო სიების შედგენა.
ამის გამო დღევანდელი ჩვენი სასამართლო მხოლოდ იმით განსხვავდება რევოლუციის წინა დროის სასამართლოსაგან, რომ ის დაჯილდოვებულია ყველა ძველი ცოდვებით, იმავე დროს მოკლებულია საქმიანობის უნარს. და ეს დიდ არევ-დარევას იწვევს ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ დარგში გაბატონებულია ოსმალურ მართვა-გამგეობის ზნე-ჩვეულებანი. და ვისაც სურს ამ ზნე-ჩვეულებების აღმოფხვრა, მან ხელი უნდა შეუწყოს სასამართლოს რეორგანიზაციას და მისი პრესტიჟის განმტკიცებას.
სენატი, როგორც რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, დაგვირგვინება იქნება მთელი შენობის, მაგრამ ის თავის თავად ვერას გახდება, თუ არ გადახალისდა სასამართლო უწყების მთელი აპარატი და არ მოისპო ძველი წყობილების მიერ ნაანდერძავი საგანგებო სასამართლოები. ჩვენ გავაუქმეთ სასოფლო სასამართლო, საჭიროა გაუქმდეს სამხედრო, სასულიერო და სხვაგვარი იუსტიცია, რომ ამ გზით შეიქმნეს ერთი ორგანო, რომლის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორად იქნება პასუხისმგებელი.
ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკაა, რაიც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ხალხის, დემოკრატიის ხელით უნდა მოეწყოს.
რიგიანი სასამართლო კი ერთი უძლიერეს იარაღთაგანია დემოკრატიულ მართვა გამგეობის სისტემაში.