ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 6 აპრილს ზუგდიდში მერობის რიგგარეშე არჩევნებისთვის კანდიდატად ზუგდიდის მერის მოქმედი მოადგილე, გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.
მერის კანდიდატურა ზუგდიდელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პოლიტიკაში ახლადდაბრუნებულმა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინეს და შეკრებილებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
პრემიერ-მინისტრმა მიმართვაში ყურადღება რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით დაპირებისამებრ 50 მლნ ლარი გამოყო. მისივე თქმით, ადგილობრივების თხოვნის გათვალისწინებით, ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების აუზი შენდება და პირობა დადო, რომ სულ მალე პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკაც აშენდება.
მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განათლება მოქმედი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ „სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც უკავშირდება განათლებას“.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა და განაცხადა: „ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ, მინდა სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ გითხრათ – მე გპირდებით, რომ პროექტი “ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი: აუცილებლად შედგება, შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
გამოსვლის დასასრულს მან განაცხადა, რომ პარტიამ კანდიდატი სამი მთავარი პრინციპის გათვალისწინებით შეარჩია. ეს არის: მაღალი პროფესიონალიზმი, უნიკალური გამოცდილება და ზუგდიდისადმი მისი სიყვარული.
„დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და იმ ყველა პრობლემის მოგვარება, რომელიც არის ქალაქში. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს… აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენთაგანი მაისში გააკეთებთ სწორ არჩევანს და ეს ერთადერთი სწორი არჩევანი არის ქართული ოცნება და გეგა შენგელია“, – თქვა პრემიერმა.
ადგილობრივებს სიტყვით, პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა. „განსაკუთრებით მნიშნველოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ, რომ ზუგდიდი არის ყველაზე ახლოს აფხაზეთთან და ამიტომ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები და ჩვენი რეგიონები“, – განაცხადა კალაძემ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას და გავაერთიანებთ სრულიად სამეგრელოს, სრულიად ზუგდიდს, იმისთვის, რომ მივაღწიოთ გამარჯვებას და ეს იქნება ამ რეგიონის გამარჯვება, ამ ქალაქის გამარჯვება“, – განმარტა მანვე.
პარტიის პოლიტიკური მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მთავარ პრობლემებად სიღარიბე, უმუშევრობა და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო დაასახელა. „ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს“, – თქვა მან.
მისივე თქმით, „დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება…-რომ ჩვენ ვართ ერთიანი, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი, რომელიც არის ერთიანი ძლიერი სახელმწიფო“.
ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილებს „9 წლიანი რეჟიმი“ შეახსენა და განმარტა, რომ „ქვყანაში არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“.
„[არსებობენ] რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას, არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც ჩვენ ვპირდებით, თქვენთან ერთად არასდროს დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს“.
ამის შემდეგ, შეკრებილებს უკვე თავად მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ მიმართა, რომელმაც გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის „იმ გეგმებით და ხედვებით“, რომლითაც ის საკუთარ გუნდთან ერთად მოდის, „უკეთესი ზუგდიდის შენებას“ შეძლებს.
„მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ თითოეული თქვენგანის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. მე მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენს საჭიროებებს… ჩვენი ქალაქი უკეთეს რეალობაში იცხოვბრეს“, – განაცხადა მანვე.
მანვე ზუგდიდში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების პირობა დადო და განმარტა, რომ მისი მთავარი ამოცანა „თითოეულ პენსიონერზე, თითოეულ სოციალურად დაუცველზე, თითოეულ დევნილზე და თითოეულ ზუგდიდელზე ზრუნვა“ იქნება“.
შენგელიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობასაც გუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის „ძალიან ბევრი ზუგდიდელის დასაქმების ადგილი [გახდება] და ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელს ქვეყანას“.
„როდესაც თქვენ მიხვალთ საარჩევნო უბნებთან და შემოხაზავთ 41-ს, თქვენ ხმას მისცემთ ზუგდიდის მშვიდ განვითარებას, აღმშენებლობას, კეთილდღოებას და კარგ მომავალს… ჩვენ ერთად ავაშნებთ უფრო კეთილმოწყობილ, უფრო წელში გამართულ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ზუგდიდს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდში მერობის კანდიდატი გაერთიანებულმა ოპოზიციამაც დაასახელა. აქ მათი სახელით მერობისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იბრძოლებს.
ზუგდიდი – პრინციპული არჩევნები?
როგორც ჩანს, ზუგდიდის მერის არჩევნებს მმართველი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რულოვსის კანდიდატურის დასახელებიდან ერთ კვირაში სამეგრელოს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა მოსახლეობას შეხვდა და რამდენიმე დაპირება გასცა. მათ შორის იყო, იმ სახლის ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმად გადაკეთება, რომელშიც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს.
ივანიშვილი ზუგდიდშიც ჩავიდა, სადაც ის მშენებარე ეკლესიას ესტუმრა. ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან საუბრისას, ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ ის ეკლესიის მშენებლობის დასასრულებლად 1 მილიონ ლარს და – თუ საჭირო იქნება – მეტსაც დახარჯავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)