თემთა ცხოვრებიდან – დიდი ვანის თემი

გაზ. „გურიის მოამბე“, 1920 წელი, 7 იანვარი, N2.

            მკითხველს ალბათ მოეხსენება, რომ არსებობდა ე. წ. „სურების“ თემი. ეს თემი, გაგრძელებული 25 ვერსის მანძილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით და ძლიერ ვიწრო ჩრდილოეთიდან  სამხრეთით, აქამდე მთლიანი იყო. მაგრამ დაისვა თუ არა კითხვა სხვა და სხვა კულტურულ განმანათლებელ დაწესებულებათა თუ სხვების აგებისა, როგორიცაა: საფერშლო პუნკტი, აფთიაქი, სამეურნეო თუ სხვა ტიპის სასწავლებელი და სხვა, უკვე გაისმა ხალხშიაც და დაიბადა თვით თემის ხმოსნებშიაც უთანხმოება, გაიმართა დიდი კამათი იმაზე, თუ სად და როგორ აგებულიყო ესა თუ ის დაწესებულება. დიდი დრო და ენერგია მოანდომა საბჭომ ხსენებულ საკითხებს, რათა მათი მოწესრიგებით არ დარღვეულიყო მთლიანობა, მაგრამ ამაოთ. ცხოვრებისა და ხალხის მოთხოვნილებებმა თავისი გაიტანა და ხსენებული თემი დანაწილდა, მის ადგილას აღმოცენდა სამი თემი: დიდი-ვანი, შუა-სურები და ზემო-თავ-სურების და კითხვა დაიბადა იმის შესახებ, თუ რას ვიზამთ ჩვენ, ასე პატარა ფარგლებში მოქცეულები?

           აქ უნდა აღვნიშნო, რომ ხალხის მტრები ავრცელებენ ხალხში ხმებს: საშინელება მოხდა, რომ გავიყავით, დავაქციეთ  საზოგადოება, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ვერც ერთიო და სხვა. ამაში ზოგიერთი შეგნებული წევრია საზოგადოებისა ზოგი კი შეუგნებელი. როცა ცარიელი სიტყვებით თემის მთლიანობაზე გაჰკივიან, მათ ავიწყდებათ, რომ ცხოვრების წინააღმდეგ წასვლა ცხონებულ დონკიხოტის ქარის წისქვილთან ბრძოლას მოგვაგონებს! მთლიანი თემის არსებობა, რასაკვირველია, სასურველი და კარგია, მაგრამ სურვილი ერთია და სინამდვილე კი ხშირათ მეორე. ჩემი აზრით, გაყოფით ჩვენ არ უნდა შევშინდეთ, პირიქით, გაათკეცებული ენერგიით უნდა შეუდგეთ ყოველ გვარ საქმეს თემისას, გამოვიყენოთ ამ საქმეში ყოველი ცოცხალი ძალა. თუ ჩვენ, ე.წ. მოწინავეები, (ამ შემთხვევაში ხმოსნები თემისა) დავკარგავთ იმედს წარმატებისას, საცოდავ მდგომარეობაში ჩავცვინდებით, ხალხისგან გულის წყრომას დავიმსახურებთ და, შეიძლება, თემი უჩვენოდაც არ ასცდეს თავის განვითარების გზას. (ასეთია კერძოთ ჩემი რწმენა). ჩემის აზრით, ენერგიული მუშაობა საბჭოსი და მისი გამგეობისა, გამოყენება ყოველგვარი ძალისა, რის გამოყენებაც კი შეიძლება, ამუშავება და საქმიანობის ფერხულში ჩაბმა ხალხისა მოგვიყვანს სრულს გამარჯვებამდე და თავის თავად სინათლეზე გამოიყვანს იმ ვითომდა „ხალხის მოკეთეებს“, რომელნიც გაიძახოდენ, თუ გაიძახიან, რომ გამოყოფით სუყველა დავიღუპებითო, და გულს უცრუებენ ხალხს შემოქმედებით მუშაობაზე. დიდი-ვანის თემის ხმოსანთა საბჭო ამ იმედებით უდგება მუშაობას და დარწმუნებულია, რომ თემის საქმეებს ჯეროვნათ მოაწყობს და კარგს ნიადაგზე დააყენებს. უკვე არჩეულია გამგეობა, რომელიც შეუდგება მუშაობას ვუსურვებ მას ნაყოფიერებას. თემის დანარჩენ საკითხებზე და მოქმედებაზე კი შემდეგ.

მასწ.  ონ.  რამიშვილი