ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
დღეს გავრცელებულ წერილს ივანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის გახსენებით იწყებს და აღნიშნავს, რომ ის ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უმძიმესი დღე იყო, თუმცა ის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რამაც მაშინ ქართველ ხალხს „საბჭოთა რეჟიმის სისასტიკესთან“ დაპირისპირება შეაძლებინა, „სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია“ იყო.
„ამან შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა“, – ამბობს ივანიშვილი.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან რაციონალიზმზე ემოციამ „იმძლავრა“ და „ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო“.
ივანიშვილის შეფასებით, ამის შემდეგ, თითქოს ქვეყანას „გეოსტრატეგიული ფუნქცია შევძინეთ“ და „ნატოს კარზეც დავაკაკუნეთ“, მაგრამ „კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი [მიხეილ სააკაშვილი] არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს“.
ივანიშვილი განმარტავს, რომ 2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის 21-ე წელს, ქვეყანა „დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა“ და „აღმოსავლური ტირანიის ცინიკური მოდელით“ შეხვდა. თუმცა, მისივე თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება“, ქართველმა ხალხმა „შესაძლებლობების ზღვარზე გაიარა და გამარჯვება მოიპოვა“.
„ჩვენ ძალადობრივი რეჟიმი ისე უმტკივნეულოდ, უსისხლოდ მოვიშორეთ თავიდან, რომ თვითონაც ბოლომდე არ იჯერებდნენ მომხდარს“, – აცხადებს ივანიშვილი და იქვე დასძენს, რომ უკვე მეშვიდე წელია, რაც ქვეყანას რაციონალიზმე დაფუძნებული პოლიტიკა მართავს, რომელმაც „უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა“, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „უპრეცედენტოა“.
ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროს თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, რის გამოც „ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩება ამ სტანდარტს“. მისივე თქმით, სწორედ ამას იყენებენ „ქაოსის მსურველი ძალები და „ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით“, კვლავ „რევანშზე“ ფიქრობენ.
„ოცნების ხელისუფლებამ რეგიონული თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა“, – ამბობს ივანიშვილი.
მისივე განმარტებით, „პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება“, რომელიც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება“ და „ხალხისთვის იმის „შესაღება“, რაც შესაძლებლობის მიღმაა, „მავნებლობაა“. მისივე შეფასებთ, სულსწრაფი მცდელობები „წინსვლისა და განვითარების ნაცვლად უკუსვლას იწვევს“, რასაც შედეგად „ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე“.
წერილის დასასრულს ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნაში „საზოგადოების გახლეჩა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსული მუდმივი შეხსენება“ უნდა დასრულდეს.
„დღეს წარსულში მიბრუნება სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა“, – ამბობს ივანიშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)