ტფილისელები ქალაქის ბაღებს არ უფრთხილდებიან, ანადგურებენ
„ერთობა“, 1919 წელი, 22 მაისი, №111.
თფილისის საქალაქო ბაღები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ბაღებში საგანგებოთ გაკეთებულ სასეირნო დიდ და პატარა გზებს და ბილიკებს დღეს ყურადღებას არავინ აქცევს და მოსეირნე „საზოგადოება“ ამით არ კმაყოფილდება, გარდა ამისა სასეირნო-სასიარულო გზებისა მას გაუკეთებია კიდევ ათასი სხვა ახალი „სასიარულო“ გზა-ბილიკები. „საზოგადოებას“ არ ამაგრებს არც ეკლიანი მავთულების ღობეები და არც მებაღე-მოსამსახურეების შენიშვნა და ხვეწნა-მუდარა, რომ არ იარონ მწვანეებზე, ნუ მოჰგლეჯავენ ყვავილებს, ბალახებს და სხვა ამნაირათ, ბაღების გაფუჭებაში დიდ გულმოდგინებას იჩენენ განსაკუთრებით ბავშვები, თუმცა მოზრდილებიც დიდათ არ ჩამოუარდებიან მათ. საკვირველი ის არის, რომ ბავშვების მხლებელ-მოვლელები, ხშირათ ინტელიგენტი ხალხი, ამ გარემოებას ყურადღებას არ აქცევენ ბავშვებს არ უშლიან ბაღის განადგურებას და ამით ზარალი მოაქვთ ქალაქის მცხოვრებთათვის, რომლებიც ასე საჭიროებენ სუფთა ჰაერს. ალექსანდრეს ბაღში შეხვდებით აგრეთვე ამნაირ სურათს: აგერ მოქალაქეს დაუდგამს ფოტოგრაფიული აპარატი, იქვე მწვანეზე გადაუშლია თავისი მოწყობილობა, ცოტა იქით ყვავილებში გამოუფენია სურათები და სხვა.
წინ გეშლებათ ამნაირი სურათი: ერთის მხრით ქალაქს ჰყავს მებაღეები, ბაღის დარაჯები, რომლებიც მუშაობენ, აკეთებენ, ამშვენიერებენ ბაღს; მეორეს მხრით ეს ხარჯი, ეს შრომა მიდის უქმათ, რადგან, თუ ერთი აკეთებს, ასი ახდენს, აფუჭებს და ყურადღებას ამ გარემოებას არავინ აქცევს. საჭიროა ქალაქის გამგეობამ ყურადღება მიაქციოს ამ მოვლენას.
მოქალაქე მაკარი გოგვაძე