ზუგდიდში დაკავებული ნაციონალური მოძრაობის სამი წევრიდან ორი თავისუფალია
11 აპრილს, ზუგდიდში, სოფელ ნაზარენთან გვიან ღამით მომხდარი ინციდენტის დროს, ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი – გიორგი პატარაია, ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. გიორგი პატარაია და ანი წითლიძე სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია კი, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, მთელი დღის განმავლობაში, მათ მანქანა დაჰყვებოდათ, სადაც ორი ადამიანი იჯდა და მათი გადაადგილების შესახებ ტელეფონით ინფორმაციას გადასცემდნენ, შეხვედრების ადგილებზე პროვოკატორები მიჰყავდათ და ხალხთან შეხვედრის დროს ხელს უშლიდნენ.
„იმის მაგივრად, რომ კრიმინალს ებრძოლონ, პოლიცია დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტის შეხვედრების ხელშეშლით. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ მათთვის ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა მან.
პარტიის სხვა წევრების განმარტებით, ისინი ამ პირების ვინაობის დადგენას შეეცადნენ და მათგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩვენება მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ინციდენტიც სწორედ ამ დროს მოხდა. შედეგად სამართალდამცველებმა პარტიის სამი წევრი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, რომელიც ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)