მოძრაობამ „დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში შეკრება გამართა
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 13 აპრილს საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დაიცავი საქართველო“ შეკრება გამართა. ღონისძიებას, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პოლიტიკოსები, ასევე სხვადასხვა სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ქართული ოცნების უკვე ყოფილი წევრები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი , ბექა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი.
ფილარმონიაში შეკრება დაახლოებით დღის ორი საათისთვის დაიწყო. მისასალმებელი სიტყვით, შეკრებილებს ქართული ოცნების ყოფილმა მხარდამჭერმა, პოეტმა და მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით მაღრაძემ მიმართა და სამოქალაქო პლატფორმის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ორპოლუსიანი სისტემით სურთ და მოძრაობის მთავარი განზრახვა, ხვალინდელი ყოფის სწორედ ამ „ორპოლუსიანი დახუთულობისგან“ გათავისუფლებაა.
„ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე წავიდეთ უფრო მხნედ, იმ იმედით წელგამართლები, რომ ვინმეს მივცეთ ხმა, არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ ვიღაცის იმედი გვქონდეს, ვინც ჩვენს ხმას პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის ჩვენი განზრახვა“, – აღნიშნა მან.
მისივე შეფასებით, დღეს ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ხალხის „გულის წადილის“ პოლიტიკაში გადატანას ვერ ახერხებს. „დაიხუთა ეს ასპარეზი, დაიხუთა ის ახალგაზრდებისათვის, ვინაიდან ორივე პოლიტკური ორგანიზაცია, რომელიც ჩემობს, რომ მთელი პოლიტიკური სივრცე მოიცვას, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვენ… ახალგაზრდები [კი] ყოველთვის თავისუფლები არიან“, – განაცხადა მანვე.
მაღრაძისვე განმარტებით, „ქართული ოცნება ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს“. მისივე თქმით, ახალი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მმართველი პარტიის იმგვარად შეცვლაა, რომ არ დაბრუნცეს „ის პარტია [ნაციონალური მოძრაობა], რომელმაც დიდი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს“, – დასძინა მანვე.
დავით მაღრაძემ ისიც განმარტა, რომ მთავარი, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ისაა, რომ ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ვეღარ ამარცხებს. ამასთან, ისინი „არ იძლევიან დახმარების საშუალებას, რადგან თვლიან, რომ ყველაფერი ყველაზე კარგად იციან“.
„ახალ სამართალს და სამართლიანობის თეორიას გვთავაზობენ ქვეყანაში, სადაც გირგვლიანის საქმეზე ბატონი მურუსიძე აღმოჩნდა ის, ვისითაც უნდა აღფრთოვანდეს საზოგადოება, შავგულიძე აღმოჩნდა დამნაშავე. ასეთი სამართალი ვერ დადგება საქართველოში, ამას არასდროს შეეგუება ქართული საზოგადოება“, – განაცხადა დავით მაღრაძემ და ქართული ოცნების იმ დეპუტატებს, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი გააპტროტესტეს და „თავსმოხვეულ უსამართლობას შეეწინააღმდეგნენ“, „ღირსეული“ პოზიციის დაკავებისთვის, მადლობა გადაუხადა.
ქართული ოცნების ყოფილი წევრების გამოსვლა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე
შეკრებილებს სიტყვით თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმაც მიმართეს. შაქარიშვილის შეფასებით, ის ხალხი ვისთანაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა და ოჯახური ტრაგედიაა დაკავშირებული, დღეს „სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს“. „ეს არის განგაშის მომცემი სიმპტომი, რადგან მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები“, – განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, დღეს მმართველი გუნდი რეალობას არაადეკვატურად აღიქვამს და ქვეყანას ვერანაირ პერსპექტივას სთავაზობს. „არის დიდი უნდობლობა და საზოგადეობა, ფაქტობრივად, არჩევნის გარეშეა დატოვებული. ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს მოძალადე, რევანშს მოწყურებული პოლიტიკური პარტია და მეორეს მხრივ, მედროვე და სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების ასპარეზად ქცეული ქართული ოცნება“, – აღნიშნა შაქარიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ქართული ოცნება, „მურუსიძის, ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის ოცნებების ახდენის ასპარეზად გადაიქცა“.
„მსჯელობიდან არის გამქრალი ის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და სამთავრობო პრიორიტეტის დონეზე არის აყვანილი მურუსიძის, ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის გაპრავება“, – დასძინა შაქარიშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ „ამ უპერსპექტივო წრის გასარღვევად“ უნდა გავერთიანდეთ, რათა „2020 წლის საარჩევნო ბიულეტენებში გავაჩინოთ ღირსეული არჩევანი“.
ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით კი, „დღეს დადგა საფრთხე, რომ ისტორია წაიშალოს“. მისივე შეფასებით, თანაგუნდელების „ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დამსხმელებთან“ გაიგივება, მისთვის მიუღებელია. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ ლევან მურუსიძე არის მსხვერპლი და ცდილობენ სანდრო გირგვლიანის ისტორიის წაშლას… ეს გამოწვევა მიღებულია“, – განაცხადა მან და დასძინა: „დღეს, სამწუხაროდ, ხდება ნაციონალური მოძრაობის რეანიმაცია და ქართული ოცნების ნაციონალურ მოძრაობასთან შერწყმა“.
შეხვედრაზე სიტყვით ქართლი ოცნების უკვე ყოფილი წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ „გამრუდებული სამართალი მემკვიდრეობად მიიღო“, რის გამოც, ის იქ მის ადგილს ვეღარ ხედავს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სამოქალაქო პლატფორმა იქნება საფუძველი დიდი გაერთიანების, რომელიც ერთ მახინჯ [ნაციონალულ მოძრაობას] და მეორე უკვე დამახინჯებულ პოლიტიკურ პოლიტიკურ სუბიექტს [ქართლ ოცნებას] არ მისცემს საშუალებას, რომ 2020 წელს თავისი სურვილები განახორციელოს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა და განმარტა, რომ „დღეს აქ იქმნება პლატფორმა რომელიც მოიტანს, დიდ გაერთიანებას, გამარჯვებას და თავისუფლებას“.
მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ აქტიურად იყო ჩართული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში. მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობას ხვდებოდნენ და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაციას ეწეოდნენ. პარალელურად ისინი, მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან მმართველობასაც ახსენებდნენ და მათ განუმარტავდნენ, რომ რევანშისტული ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)