განათლების სამინისტრო და თვითმმართველობები საყოველთაო-სავალდებულო სწავლის შემოღებაზე თანხმდებიან

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 6 ივნისი, N122.

           კვირას, 1 ივნისს, საღამოს ექვს საათზე, განათლების სამინისტროს ბინაზე გაიხსნა თათბირი საქართველოს საერობო თვითმართველობათა წარმომადგენლებისა. თათბირს თავმჯდომარეობდა მინისტრის ამხანაგი ნოე ცინცაძე, ხოლო მონაწილეობას იღებდა აგრეთვე უმაღლეს საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგე გ. ჭუმბურიძე. თათბირის მსჯელობის საგანი უმთავრესად საქართველოში საყოველთაო სწავლის შემოღებაა, ამისთვის აუცილებელია წინასწარ მუშაობის დაგეგმვა და წარმოება, შემუშავება სახალხო სკოლის სისტემის რეორგანიზების გეგმისა და განსაკუთრებით შეფარდებულ პროგრამების შედგენა, წიგნთ-საცავებისთვის სკოლებში საკითხავად კარგის წიგნების შერჩევა და სხვა. თათბირმა თავის პირველ სხდომაზე მოისმინა წარმომადგენელთა მოხსენებანი, სადაც გადმოცემული იყო ობიექტური სურათი ამა თუ იმ მაზრის კულტურულ მდგომარეობისა, წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი, სკოლათა რაოდენობა და საჭიროება ახალ სასწავლებლის დაარსებისა დაბა-სოფლების აღნუსხვით. თათბირს არ დასწრებიან ლეჩხუმის სამაზრო ერობის წარმომადგენელი და ოსების დელეგატი, რომლებიც აგრეთვე დაბარებული იყვნენ.

            ერობათა და ქალაქების წარმომადგენელთა თათბირი, რომელიც განათლების სამინისტროსთან გაიხსნა წარსულ კვირას, 1 ივნისს დასრულდა მნიშვნელოვან შედეგებით. თათბირის მთავარი მიზანი იყო, როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა, საბოლოოდ გაერკვია და გადაეწყვიტა საქართველოს რესპუბლიკაში საყოველთაო სავალდებულო სწავლების შემოღების საკითხი. თათბირმა ამ საგნის შესახებ მიიღო შემდეგი დადგენილება:

  1. მომავალი 1919-1920 სასწავლო წლიდან უეჭველად შემოღებულ იქნას საყოველთაო სავალდებულო პირველ დაწყებითი სწავლება მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ სასკოლო ჰასაკის (7-11 წლის) ბავშვებისთვის და ამ დადგენილების ცხოვრებაში განხორციელება დაევალოს ერობებს და ქალაქებს.
  2. სახალხო სკოლა, სადაც ისწავლიან სასკოლო ჰასაკის ბავშვები, უნდა შესდგებოდეს ოთხი განყოფილებისაგან და იქ სწავლა გაგრძელდება ოთხ წელიწადს.
  3. მოეწყოს მოძრავი კურსები სახალხო სკოლათა მასწავლებელთათვის, ხოლო სახელდობრ სად, როგორ და რამდენი ასეთი კურსი მოეწყოს, ამ კითხვების გამორკვევა მიენდოს ერობათა და ქალაქების თვითმართველობათ.
  4. სახელმძღვანელოების, საკითხავი წიგნებისა და რვეულების გამოცემა დაეკისროს სახალხო განათლების სამინისტროს.
  5. ერთკომპლექტიან სკოლას მომავალ სასწავლო წლიდან მოემატოს ერთი მასწავლებელი კიდევ, ხოლო იმ სახალხო სკოლებში, სადაც ოთხი განყოფილებაა, უნდა იყოს არა ნაკლებ ორი მასწავლებლისა. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადღება  უნდა მიექცეს ტფილისის გუბერნიის სახალხო სკოლებს.
  6. დაევალოს საერობო და ქალაქთა თვითმართველობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე წარმოადგინონ დაწვრილებითი და სრული ცნობები: რამდენი და რა ტიპის (პირველ დაწყებითი თუ საპროფესიო) სკოლაა, რამდენი მასწავლებელი მსახურობს სკოლაში, თითოეულ სასწავლებელში რამდენი ბავშვი ირიცხება მოწაფედ და რამდენი რჩება სკოლის გარეშე უსწავლელად.
  7. მომავალი სასწავლო წლიდან სახალხო სკოლაში სწავლება სასკოლო ჰასაკის ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა და არც მათ, არც მათ მშობლებს უფლება არა აქვთ სასწავლებელში სწავლის დამთავრებამდე თავი მიანებონ სკოლას.
  8. სახალხო სკოლათა შეკეთება და ახალი სკოლის შენობათა აგება დაეკისროს ადგილობრივ თვითმართველობათ, ხოლო გათბობა-განათებისათვის საჭირო მასალის (შეშის და ნავთის) სკოლებისთვის მიწოდება მოგვარდეს მიწათ-მოქმედების სამინისტროს დახმარებით.
  9. ერობათა და ქალაქის თვითმართველობათა ხელში ჯერჯერობით იქნება მხოლოდ პირველ დაწყებითი და უმაღლეს პირველ დაწყებითი სკოლები, ხოლო გიმნაზიები და საშუალო სასწავლებლები რჩება განათლების სამინისტროს განმგებლობაში.