გაიხსნა თვითმმართველობების ექიმთა ყრილობა
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 12 ივნისი, N127.
დღეს ჩვენი ნორჩი ერობის ექიმთა ყრილობა შეიკრიბა. ყრილობაზე მოწვეულნი არიან ერობის გამგეობათა ის წევრებიც, რომელნიც საექიმო-სასანიტარო საქმეს განაგებენ და ფარმაცევტთა და ფერშალთა პროფესიონალურ კავშირების წარმომადგენლები. ერობის სამოქმედო გზა ჩვენს დარგში მეტის მეტად მძიმე და ეკლიანია! ერთის მხრივ, ჩვენი ხალხის დაბალი კულტურა, გაუნათლებლობა და ცრუმორწმუნეობა და მეორეს მხრივ, ხალხის უკიდურესად დაავადება-დასნეულება – აი ის ეკლები, რომლებიც უკიდურესად აძნელებენ დასახელებულ სამოქმედო გზას.
დიდი, მეტის-მეტად დიდი და რთული საქმეა გასაკეთებელი! თუ ჩვენში სანიტარული საქმიანობა ჯეროვნად მოვაწყეთ, ჩვენი დაქვეითებული, უკიდურესად ანტისანიტარული ცხოვრება მომავალ სამი ხუთი წლის განმავლობაში სულ ძირიანად შეიცვლება. მეცნიერული ჰიგიენა-სანიტარიის მონაპოვარ-აღმოჩენანი, საუკეთესოდ მოწყობილი დახურული წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია; გათბობა-განათების გაუმჯობესებული სისტემები და ბევრი, ბევრი სანიტარული ტეხნიკის შენამატი, აქამდისინ თუ მდიდრის ხვედრი იყო და მათ შემწეობით გაუმჯობესებული ცხოვრების პირობებით, მხოლოდ მდიდარი სარგებლობდა ახლო მომავალში ყველაფერი ეს სოფლად და ქალაქად ღარიბის ცხოვრებაში უნდა შევიდეს. აგრეთვე წამლობით მკურნალობის მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში შეერთებული მეცნიერული სიმდიდრეც ხომ თითქმის მხოლოდ „კეთილშობილთა და ძლიერთა ამა ქვეყნისა“ კუთვნილი იყო! სად შეეძლო ღარიბ მუშას, ჯიბე გამოფიტულ გლეხს რომელიმე მდიდარი, კარგად მოწყობილი საავტმყოფოთი ესარგებლნა, ან კურორტებზედ და მკურნალ წყლებზე წასულიყო!
ხალხი, დემოკრატია თუ აქამდისინ გერი იყო ცხოვრებისა, მომავალში ესე აღარ იქნება. მაგრამ ვინ განახორციელებს ამ ფრიად რთულ კულტურულ საქმეს? რასაკვირველია, ის დაწესებულება, რომელმაც ეს საქმე ისე კარგად საზღვარ-გარედ მოაწესრიგა. ეს გახლავთ ერობა, თვით ხალხის ცხოვრების გულიდან ამოღებული, თვით ხალხის შემოქმედებით შექმნილი და ჩამოყალიბებული დაწესებულება. ერობა სულია ხალხისა! და აი სწორედ ამ ერობის ექიმთა ყრილობა დღეს შეიკრიბა იმ გზის გამოსანახავად, რომლითაც ახლო მომავალში ივლის თავის დიადი მიზნის, ხალხის გაჯანსაღების განსახორციელებლად. იმედია, ყველა თანაგრძნობით მოეკიდება ამ ჩვენს დაწყებულ საქმეს და ხელს შეგვიწყობს სიტყვითაც და საქმითაც.
ექიმი იოსებ ლომოური