მთავრობა აბიტურიენტებს ოკუპირებული რეგიონებიდან სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამას სთავაზობს
საქართველოს მთავრობამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უნივერსიტეტებში ჩაბარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო, რომელიც მათ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში ჩაბარებას გაუადვილებს.
ახალი პროგრამა თბილისის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში მომზადდა და მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და განათლების სამინისტრო გაუწევენ კურირებას.
ახალი პროგრამის ფარგლებში, აბიტურიენტები ოკუპირებული რეგიონებიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ერთწლიან მოსამზადებელ კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლიან.
შესაბამის უნივერსიტეტებში ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით, აბიტურიენტები ორ გამოცდას ჩააბარებენ – ერთს ქართულ ენაში, ხოლო მეორეს იმ საგანში, რომელსაც მათ მიერ არჩეული მიმართულება ითხოვს.
აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ, რაც ყველა სხვა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, ვინაიდან ეს საგანი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში ისწავლება, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებში – არა. ამიტომაც, აბიტურიენტებს ამ რეგიონებიდან გაუჭირდებათ დანარჩენ აბიტურიენტებთან კონკურენციის გაწევა.
„ეს არის სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის შექმნილი პროგრამა, რომ მათ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა და განათლების მიღება გაუმარტივოს, [რასაც ისინი] ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ახერხებენ“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 17 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, რომ საპილოტე პროექტი აპრილის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე განხორციელება, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება. უწყების განცხადებით, ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, გათვალისწინებულია მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც და მოსამზადებელ ცენტრში სწავლისას ისინი 150 ლარის ოდენობის სტიპენდიასაც მიიღებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაზე დარეგისტრირებული 142 აბიტურიენტიდან 140 გალის, ხოლო 2 ახალგორის რაიონიდანაა. 70 მათგანი კურსს თსუ-ში გაივლის, 72 კი – ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბოლო წლებში, გალისა და ახალგორის რაიონებში დარჩენილი ქართული სკოლები თანდათან რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა, რასაც თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტი მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)