ოჯახი აცხადებს, რომ კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანია
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას ოჯახი აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი არ არის.
აღნიშნული ია კერზაიას ვაჟმა, ბაჩანა შენგელიამ 18 აპრილს გამომძიებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შენგელია პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად მიიწვიეს.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, შენგელიამ განაცხადა: „დადასტურდა აბსოლუტურად ჩვენი ყველა ეჭვი, რაზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული“.
„ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ უმთავრესი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი [განათლების მინისტრი] არ არის გამოკითხული საქმეზე. ნაცვლად ამისა, ისეთი პირები არიან გამოკითხულები, რომელთაც დანაშაულზე ინფორმაცია პრაქტიკულად ვერ ექნებოდათ, მაგალითად, სკოლის დამლაგებლები“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, გამომძიებლებს არც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელები გამოუკითხავთ, ასევე არ დაუკითხავთ ზუგდიდის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქმის მთავარი მოწმეები – ინსპექტორები, რომელთაც კერზაიას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ინსპექტირება ჩაატარეს, მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში გამოკითხეს.
დღესვე, დილით, შენგელიამ და მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ბრიფინგი გამართეს, სადაც შენგელიამ აღნიშნა, რომ „უპრეცედენტო ფაქტები“ არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება ხელს უშლის გამოძიების ჩატარებას.
შენგელიამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მისი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ თხოვნა ორჯერ უარყო. „პირველ შემთხვევაში, მათ თითქოს დაასაბუთეს, რომ მოუცლელობის გამო ვერ ტარდება ექსპერტიზა, ხოლო ხელმეორედ მიმართვის შემდეგ, გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ [ექსპერტიზისთვის] საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი“, – განმარტა მან.
მისივე თქმით, ოთხი თვის თავზე, არცერთი ოფიციალური პირი, რომელიც საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, არც გაუთავისუფლებიათ თანამდებობიდან და არც უფლებამოსილება შეუჩერებიათ მათთვის, ხოლო „მთავარი მოქმედი პირი“, მიხეილ ბატიაშვილი კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას.
„ყველა ამ ფაქტის ერთობლიობა გვაძლევს იმ დასკვნის საფუძველს, რომ მთელი სამთავრობო სისტემა შეხმატკბილებულად მოქმედებს და ჩართულია იმაში, რომ საქმეში არ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – აღნიშნა შენგელიამ.
კერზაიას ოჯახი აცხადებს, რომ სკოლის ინსპექტირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სკოლის დირექტორმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ინსპექტორებმა დასკვნა ორი კვირის თავზე გამოაქვეყნეს და სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართეს, რის შემდეგაც ია კერზაია 2 დეკემბერს ინსულტის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყო.
ია კერზაიას საქმეზე ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც“ (ISFED) გამოაქვეყნა. ISFED-ის განმარტებით, საჯარო სკოლებში ჩატარებული ინსპექტირებები „პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი“ იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)