RSF: ბალკანეთის ზოგ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება უარესდება
სტატიის თავდაპირველი ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა BalkanInsight-ზე.
2019 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეადგინა, სერბეთსა და ალბანეთში მედიის თავისუფლება განუხრელად მცირდება. თუმცა, რეგიონის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში სასიკეთო ძვრებსაც ვაწყდებით.
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წლებში სერბეთში, ალბანეთსა და მოლდოვაში პრესის თავისუფლების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა, თუმცა სიტუაცია გაუმჯობესდა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ხორვატიასა და კოსოვოში.
მედია-მონიტორინგმა სერბეთს მსოფლიო რეიტინგში 14 პოზიციით გაუარესებული 90-ე ადგილი მიუჩინა, მოლდოვამ კი 10 პოზიციით დაიხია უკან და 91-ზე გადაინაცვლა. 7 ადგილით დაიხია უკან ალბანეთმაც, რომელიც რეიტინგში 82-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
ანგარიშის თანახმად, სერბეთში მედიაზე თავდასხმათა რიცხვი, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარები, იზრდება. სერბეთში ჟურნალისტების საწინააღმდეგო რიტორიკაში ტოლს არავის უდებენ ოფიციალური პირებიც.
„პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ხუთ წლიანმა მმართველობამ სერბეთი აქცია ქვეყნად, სადაც ჟურნალისტის მოღვაწეობა აღარც უსაფრთხოა და აღარც სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი“ – წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე თავდასხმებს არ იძებენ და არც დამნაშავეებს სჯიან, ხოლო მეორე მხრივ, მთავრობის მეხოტბე მედია თავად აწარმოებს აგრესიულ კამპანიებს გამომძიებელი ჟურნალისტების მიმართ.
არასახარბიელო მდგომარეობაა მოლდოვაშიც. მიუხედავად მრავალფეროვანი მედიისა, მოლდოვურ მედიაში შეინიშნება უკიდურესი პოლარიზაცია, რაც ქვეყნის ზოგად მდგომარეობასაც აირეკლავს. მოლდოვას გაუთავებელი არასტაბილურობისა და ოლიგარქთა გადაჭარბებული გავლენის პრობლემებიც არ ასვენებს.
ანგარიშის მიხედვით, მოლდოვის მედის მთავარი გამოწვევები მისი დამოუკიდებლობა და ხარისხი, ასევე, მისი მფლობელობის [მცირე ჯგუფების] ხელში თავმოყრაა.
ალბანეთში, ანგარიშის თანახმად, მედიაზე მთავრობისა და ორგანიზებული დამნაშავეების მიერ თავდასხმებმა „2018 წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია“.
ანგარიშში ისიც აღინიშნა, რომ „შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სამართლებრივი შევიწროება ჟურნალისტებისა მიზნად ისახავს, მათ კორუფცია აღარ გამოიძიონ“.
უმაღლესი თანამდებობის პირები პრემიერ-მინისტრ ედი რამას მეთაურობით ისე შორსაც კი მიდიან, რომ ჟურნალისტებს „ნაგავს“ უწოდებენ და მათ ყალბი ამბების ( ე.წ. fake news) შემოქმედებად ნათლავენ.
თუმცა, ზოგადად რეგიონის სურათი არც მთლად უნუგეშოდ გამოიყურება. ანგარიშის თანახმად, მდგომარეობა არ შეცვლილა ბულგარეთში, რომელიც 111-ე ადგილით სამეზობლოს ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების მხრივ ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ხშირი ვერბალური თავდასხმებითა და ნაციონალისტური რიტორიკით გამოირჩევა, რაც მედიის მუშაობისათვის მტრულ გარემოს ქმნის. ბოსნია და ჰერცეგოვინა რეიტინგში წელს 63-ე ადგილზეა, მონტენეგრო კი – 104-ზე. ორივე ქვეყნის მდგომარეობა ერთი პუნქტით გაუარესდა.
„ნარკოტრეფიკში ბრალდებულ მონტენეგროელ ჟურნალისტს იოვო მარტინოვიჩს 2019 წლის იანვარში 18 თვიანი სასჯელი მიუსაჯეს. მან გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს განაჩენი უკვე დაგმო“ – წერია ანგარიშში.
რუმინეთს ანგარიშმა 47-ე პოზიციაზე მიუჩინა ადგილი, რაც ბოლო რეიტინგთან შედარებით სამი პოზიციით გაუარესებული შედეგია. ერთი მხრივ, მთავრობა ნაკლებად ზრუნავს მედიაზე, მეორე მხრივ კი ქვეყანაში იზრდება ცენზურა და თვითცენზურა. ანგარიშმა ისიც შენიშნა, რუმინეთში მედია პოლიტიკური პროპაგანდის საშუალებად გადაიქცაო.
ხორვატიაში, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში კი სიტუაცია უმჯობესდება. ყველაზე თვალსაჩინო ნახტომი ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს, რომელმაც 14 ადგილიანი დაწინაურებით 95-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.