ლაშა ჟვანია საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდში ბრუნდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია 1 მაისიდან თანამდებობას ტოვებს და საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდში ბრუნდება. ამის შესახებ ჟვანია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ფოტოს აქვეყენებს.
ჟვანიას განმარტებით, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მან პრეზიდენტს მარტში თავად მიმართა და მისთვის ხელსაყრელ დროს პოსტიდან გათავისუფლება სთხოვა. მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქს მისი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაყვენის თხოვნით, ზურაბიშვილმა მიმართა, რასაც პატრიარქისადმი მისი „განცხადებისმაგიერი“ ღია მიმართვაც დაერთო.
„მისმა უწმიდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა – გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ. ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან“, – აცხადებს ჟვანია.
ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან მუშაობის პერიოდსაც აფასებს და ამბობს, რომ მან პრეზიდენტთან ერთად „რთული პერიოდი გაიარა“, რაც პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და საქმიანობის „კალაპოტში ჩასმას“, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძვლის მოწყობას გულისხმობდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი ზურაბიშვილის საერთაშორისო ვიზიტებისა და უმაღლესი დონის შეხვედრების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ „ყველა ვიზიტის დროს, სახელმწიფოს მეთაური აჟღერებდა იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტისთვის სისხლნარევი ცრემლით ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მუხლჩაუხრელი სულიერი მამა“.
ლაშა ჟვანია, სალომე ზურაბიშვილს მისთვის „დიდი პასუხისმგებლობის მინდობისთვის“ მადლობას უხდის და და ამბობს, რომ ის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ თავდადებას არც მომავალში დაიშურებს.
ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სხვა დამატებითი კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)