აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობდა
ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი USS Ross (DDG 71) 21 აპრილს ბათუმის პორტს სტუმრობდა.
აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში 14 აპრილს შევიდა და მისი მიზანი ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან „ურთიერთთავსებადობის გაძლიერება“ და „შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისადმი ერთგულების“ ჩვენებაა.
USS Ross-ის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა განაცხადა, რომ მოკავშირეები შავ ზღვაზე კვლავაც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
„ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას,“ – აღნიშნა მან.
21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით“.
ეს გემის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)