ვალიკო ჯუღელის გვარდიამ გაგრა აიღო, გიორგი კვინიტაძის ჯარებმა – არტაანი
(1918-19 წლებში მიმდინარეობდა სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი ტუაფსესა და მდინარე ბზიფს შორის მოქცეული შავიზღვისპირა ტერიტორიის დაუფლებაზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მეორე მხრივ – ბოლშევიკები და მესამე მხრივ, – გენერალ დენიკინის თეთრები. 1918 წლიდან 1919 წლის დასაწყისამდე სოჭს საქართველო აკონტროლებდა.დენიკინი მიიჩნევდა, რომ საზღვარს ბზიფზე უნდა გაევლო. საბოლოოდ, კონფლიქტი 1919 წელს ბრიტანელების ჩარევით დასრულდა და საზღვარმა მდინარე ფსოუზე გაიარა – სოჭი და ტუაფსე რუსებს დარჩათ, ხოლო ტერიტორია ბზიფამდე, რაც გაგრასაც მოიცავდა, საქართველოს. 1919 წლის აპრილში გაგრა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით აიღო სახალხო გვარდიამ და დაიწყო პოზიციების გამაგრება მდინარე მეხადირზე.
ამ პერიოდში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სამხრეთის ფრონტიც აქვს, კერძოდ, მესხეთში, სადაც რესპუბლიკა პან-ოსმალური ძალებთან სამხედრო კონფლიქტშია ჩართული. 1919 წლის აპრილში, თბილისში გენერალმა კვინიტაძემ გამოგზავნა ცნობა, რომ რესპუბლიკის ჯარებმა არტაანი აიღეს. – რესპუბლიკა – 100, civil.ge)
იხილეთ ცნობები გაზეთიდან:
„საქართველოს რესპუბლიკა“, N88, 24 აპრილი, 1919
ბრძოლის ველზე
დენიკინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო აპრილის 17 დილის 4 საათზე. ცხენოსანთა დივიზიონი ხელახლად გადავიდა მდ. ბზიბაზე. მდინარეში გასვლის დროს დაიღრჩო ერთი მხედარი და 3 ცხენი. ჩვენი ჯარის მარჯვენა ფრთა მიუახლოვდა მამულს „ოტრადნოე“-ს, ხოლო მარცხენა. – დიდი მთავრის აგარაკს „კოლხიდა“-ს და ხელთ იგდო ოფიცერთა სადარაჯო 4 ოფიცრით. მოწინააღმდეგის არტილერია ცხენოსანთა დივიზიონს უშენს. ჩვენი ჯარის ნაწილები წინ მიწევენ.
გაგრის აღება.
აპრილის 17, სოხუმის ჯგუფის ჯარებმა 14 საათზე გაგრა დაიჭირეს და 6 ვერსით წინ წაიწიეს. ორივე ფლანგებით შემოვლილმა დენიკინელებმა ვეღარ შესძლეს წინააღმდეგობის გაწევა და გაიქცნენ. ჩვენ მოგვიკლეს 2 სახალხო გვარდიელი და 3 მსუბუქად დაგვიჭრეს. ტყვედ წამოვიყვანეთ მოხალისეთა ჯარის მრავალი ოფიცერი და ჯარის კაცი და ხელთ ვიგდეთ სამხედრო დავლა. ტყვეთა რიცხვს და დავლის რაოდენობას არკვევენ. სახალხო გვარდიელთა და სოხუმის ჯგუფის ნაწილები საუცხოვოდ მოქმედებენ.
მახადირის ხაზის დაჭერა.
აპრილის, 18. დღეს დილის 9 საათზე სახალხი გვარდიის დივიზიონმა დაიჭირა მდ. მახადირის ხაზი. დამარცხებულმა მტერმა მზიმთას იქით დაიხია. იქ მტერს თოფებს უშენენ აჯანყებული მცხოვრებნი. ტყვეთ წამოვიყვანეთ დაახლოვებით 200 შეიარაღებული კაცი, უმეტეს ნაწილად ოფიცრები.
ჩვენი ჯარი შეტევას აძლიერებს, 18 აპრილის 7 საათზე დაიჭირა პოზიციები მდ. მახადირზე. უკან დახეული მოხალისეთა ჯარი ს. ვესიოლოესთან იყრის თავს. დაზვერვა გრძელდება.
ახალციხის ფრონტზე – არდაგანის აღება.
ახალციხე. აპრ. 2. აპრილის 18 და 19 განმავლობაში მტრის დევნის შემდეგ იგი კიარჯაბან-ორა ჩახის ხაზის სამხრეთით მდებარე მაღლობზე გადადევნა. 20 აპრილს ჩვენმა ჯარმა სწრაფად შეუტია მტერს და ამ მაღლობიდან განდევნა. მტერი ისეთი სისწრაფით იხევდა უკან, რომ თავდასაცავად მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე არდაგანის სიმაგრეთა დაჭერა ვერ მოასწრო. ჩაულის ქედზე ხელთ ვიგდეთ 100-ზე მეტი ზარბაზნის ყუმბარა. უკან დახევის დროს მტერი სწვავდა ყველა ხიდებს მტკვარზე, მაგრამ არტილერიის სროლით მაინც შევძელით ფიხრელთან ცეცხლ მოკიდებულ ხიდის გადარჩენა და მისი შეკეთება. ამას საშუალება მოგვცა ჩვენი ძალები მტკვრის მარჯვენა მხარეზე გადაგვეყვანა ამავე დროს მტერი მარჯვენა ნაპირზე გადავიდა და იქ არდაგანის სიმაგრეები დაიჭირა, მაგრამ ჩვენს იერიშებს ვერ გაუძლო და ოლთისისა და ყარსის მიმართულებით დაიხია. ოლთისის გზა-ტკეცილზე მტრის დევნის დროს მე-6 პოლკის მოწინავე ნაწილებმა ხელთ იგდეს ზარბაზანი 19 ყუთი ყუმბარებით, ხოლო გაზ-თანახის სიმაგრეებზე ხელთ ვიგდეთ დიდძალი ხორბალი და საქონლის საკვები. არდაგანში მცხოვრებნი არ აღმოჩნდნენ. ჩვენი ზარალი არ არის ჯერ გამორკვეული. მოწინააღმდეგის ზარალი კი მნიშნელოვანია. ადგილობრივ ცხოვრებთა ჩვენებით მოწინააღმდეგის ჯარს ხელმძღვანელობენ ჯემალ-ბეგი და რამან-ბეგ ხიმშიაშვილი. ცნობა სერვერ-ბეგის მოკვლის შესახებ არ მართლდება, პირიქით, ის ხელმძღვანელობდა ბრძოლას ჩვენი ჯარის მდინარე მტკვარზე გადასვლამდე.
გენერალი კვინიტაძე