შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურასთან ერობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით, 25 აპრილს ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს უკრაინის მოქალაქე.
უწყების მიერ 26 აპრილს გავრცელებული განცხადებით, ბრალდებული ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე კი მან სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
შსს-ს განმარტებით, გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული, რამაც „გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი“. უწყების განმარტებით, ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.
„მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მეორე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა ტრეფიკინგის შემთხვევას გამორიცხავს და ამბობს, რომ დაკავებული იძულებული გახდა, რომ საკუთარ შვილებთან ერთად ჩამოსულიყო საქართველოში და თავშესაფარი აფხაზეთში ეპოვათ, სადაც მის მეუღლეს საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხი უკვე მოგვარებული ჰქონდა. მისივე თქმით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დაკავებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა განხორციელებული.
იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის მოვალეობის შემსრულებლის მზევინარ ღაჭავას თქმით, „ყველა ბავშვი იმყოფება უსაფრთხო გარემოში“ და „ყველა მათი საჭიროება დაცულია“.
This post is also available in: Русский (რუსული)