ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1 344-ე შეხვედრაზე, რომელიც 24 აპრილს გაიმართა, საბჭოს გენერალურმა მდივან მატორბიორნ იაგლანდმა მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში -„კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს და ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ანგარიშში აღნიშნა, რომ „მიუხედავად განმეორებითი ძალისხმევისა, კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით, სამდივნოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლება არ მიეცა“, რითაც მას „არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ადგილზე არსებული ვითარება შეეფასებინა“.

შედეგად, დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია წინა კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან, სახალხო დამცველთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრებზეა დაფუძნებული.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „შეფასებულია როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური“. თუმცა, „სამწუხაროდ, რეგიონში სამხედრო სწავლებების რაოდენობა და სიხშირე გაიზარდა“.

ანგარიშის თანახმად, „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებაზე მზარდი შეზღუდვების გამო, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა“.
ამ თვალსაზრისით, ანგარიშში დასახელებულია რეგიონების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვა, ცხინვალის რეგიონის მახლობლად მიმდინარე „ბორდერიზაცია“, ასევე საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა, რომელიც აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა კვლავ მხარს უჭერს იმ ქმედებებს და ნაბიჯებს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებისკენაა მიმართული და რომ ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას კვლავ უწევდნენ.

აფხაზეთი

აფხაზეთში, „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შედარებით სტაბილური იყო“, თუმცა „ბორდერიზაციისკენ“ მიმართული ქმედებები საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო ზოლის გადაკვეთა „დაშვებელი“ პუნქტების მიღმა ან/და სათანადო დოკუმენტების არქონა დაკავებებით სრულდებოდა. გარდა ამისა, აფხაზეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში დოკუმენტებთან დაკავშირებით კვლავ რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფება, რაც ხელს უშლის მათ ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლებები.

ცხინვალის რეგიონი

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „შედარებითმშვიდი რჩებოდა“ თუმცა, ამავე დროს „დამკვირვებლებისამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდნენ, რაც უსაფრთხოების შესახებ აღქმაზე ახდენდა გავლენას, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა“.

ანგარიშში ასევე საუბარია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შესახებ ახალი რეგულაციების შემოღებაზე. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი მოსახლეობის მიერ „სასაზღვრო“ რეჟიმის სავარაუდო დარღვევებს შედეგად დაკავებები მოჰყვება, რაც ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით რიგ საკითხებს წარმოშობს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ანგარიშთან დაკავშირებით ევროკავშირის, სუამისა და სხვა პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მომავალშიც დარჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)