დამოუკიდებელი საქართველო პირველ აღდგომას ბევრი საფიქრალით ეგებება
სულიერი აღდგომა
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1919 წლის 20 აპრილი, N4.
სულიერი აღდგომა
დღევანდელი აღდგომისთანა ბევრი არ ახსოვს საქართველოს.
საქართველო აღსდგა და საერთაშორისო ფერხულშიც შედის როგორც მოწინავე ქვეყანა.
დედამიწის ზურგზე თუ დემოკრატიულ მიმართულებას, ხალხთა უფლების გამარჯვებასა და ხალხის ბატონობას ნიადაგი ექმნება, საქართველო ერთი პირველთაგანი შეიქმნება.
საქართველომ თავისი უფლება მოსილება და დემოკრატიული მისწრაფებათა გამარჯვების საჭიროება ხალხის უზენაესი ნების ყოფით გამოიხატა, – საქართველოს დამფუძნებელ კრებით.
ეს არის პოლიტიკური მხარე.
კულტურულ ეკონომიური მხარე ჩვენი ქვეყნისა კი ჯერ მოდუნებულია. პირველის გამარჯვებას უნდა მოჰყვეს მეორის გამარჯვება, და თუ ეს ასე არ იქმნა, ჩვენი ერის მოწინავე თაობის უმაღლესი მისწრაფებანი უბრალო ფახი-ფუხად დარჩება. სწორედ ამიტომაც მთელი ჩვენი ძალღონე უნდა მოვანდომოთ ერის სულიერად აღდგომას და ნივთიერად გაღონიერებას, რომ სახელმწიფო უფლება შევინარჩუნოთ, შეგნებით მოვიხმაროთ.
როგორც წარსულში ხოლოვნებამ და მწერლობამ გააღვიძა ჩვენი მიძინებული აზროვნება, ისევე ახლა უმთავრესად ხელოვნებამ უნდა იკისროს ჩვენი ერის სულიერი აღდგომა.
საჭიროა მხატვრობითი ლიტერატურის აღორძინება – გავრცელება და სასცენო ხელოვნების მკვიდრ ნიადაგზე დაყენება.
ქართველ ხელოვანსა და მწიგნობარს დიდი მოვალეობა აწევს კისრად: ჩვენი სამშობლოს ბევრი კუთხე მიყრუებულია. ეგრედ წოდებული ინტელიგენცია ცალ მხრივად განვითარებული.
მისი სულიერად ამაღლება უნდა იკისროს მხატვრულმა მწერლობამ და მსახიობობამ. ამისთვის კი საჭიროა ყველა ორგანიზაციამ და მთავრობამ ამ საგანს დიდი ყურადღება მიაქციოს, – საგანგებო თანხა შექმნას მხატვრული მწერლობის და სასცენო ხელოვნების სოფლებში სასურველ ნიადაგზე დასაყენებლად.
და როდესაც მთელი ჩვენი ერი სულიერად განმტკიცდება, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი აღდგომაც მაშინ გათენდება!
გაუმარჯოს ჩვენის ერის სულიერ აღდგომას!
იოსებ იმედაშვილი