კარლო ჩხეიძისა და ირაკლი წერეთლის შეხვედრა ფრანგ სოციალისტებთან
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 26 აპრილი, №90.
საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ორგანო „ჰუმანიტე“ (18 მარტის თარიღით) შემდეგს წერდა:
„პარლამენტის სოციალისტურმა ფრაქციამ გუშინ ნასადილევს მიიღო ჩხეიძე და წერეთელი საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლები.
უპასუხებენ რა მუტეს, რომელიც მათ მიესალმა ჯგუფის სახელით, ჩხეიძე და წერეთელი აღნიშნავენ, რომ ისინი მიმართავენ დიდი საფრანგეთის პროლეტარიატის წარმომადგენლებს და იმედი აქვთ, რომ საფრანგეთის სოციალისტები მხარს დაუჭერენ საქართველოს რესპუბლიკის მოთხოვნილებებს, რომლებიც დამყარებულია ხალხთა თვითგამორკვევის დემოკრატიულ პრინციპზე.
ამხანაგები აძლევენ ქართველ დელეგატებს მთელ რიგ კითხვებს.
მეიერასი ეკითხება მათ: აზრათ აქვთ თუ არა ქართველებს, რომლებიც ითხოვენ ჩვენ მიერ მხარის დაჭერას, დაგვეხმარონ საბჭოთა რესპუბლიკის დაცვაში.
კონსტანტს სურს გაიგოს აზრი ჩხეიძისა და წერეთლის, ლენინისა და ტროცკის შესახებ.
იუბერრუჟე ეკითხება – რას ფიქრობენ ისინი ბოლშევიკების მეთოდების შესახებ.
ვალეტი ეკითხება – ემხრობიან თუ არა თავიან რუს ამხანაგებს გარეშე ძალის ჩარევის საწინააღმდეგო ბრძოლაში.
ბარეტი ეკითხება – რა აზრისა არიან ისინი საბჭოების ორგანიზაციის შესახებ.
წერეთელი უპასუხებს ყველა შეკითხვებზე. ის უსაყვედურებს ბოლშევიკებს არა იმდენად ტერორის რეჟიმის გამეფებას, რომელიც მათ დაამყარეს, არამედ იმ მეთოდების შემოღებას, რომელნიც, მისი აზრით, არ შეეფერება რუსეთის მდგომარეობას. ის აღნიშნავს, რომ ბოლშევიზმი ეყრდნობა ხალხის სიღატაკეს. ამგვარად, ამბობს წერეთელი, ჩვენ არ ვეთანხმებით ბოლშევიკებს, მაგრამ ჩვენ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ გარეშე ძალებმა ხელი შეუშალონ საბჭოთა რესპუბლიკის განვითარებაში.
მეიერასი ეკითხება: თუ ანტანტის მთავრობები მოინდომებდენ ეკონომიურათ ან სამხედრო მიზნებისთვის საქართველოზე დაყრდნობას, გაუწევს თუ არა წინააღმდეგობას ეხლანდელი მთავრობა ანტანტას მთავრობის მოქმედებას?
ჩვენ არ გვსურს ჩავერიოთ რუსეთის საქმეებში, – უპასუხა წერეთელმა – მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს ძალა შევაჩეროთ ანტანტა.
მეიერასის ახალ შეკითხვაზე ჩხეიძემ უპასუხებს, რომ ის არ გამგზავრებულა ბერლინში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ჩამოგდების შემდეგ, როგორც ამას ამტკიცებენ.
უბრუნდება რა საქართველოს კითხვას, წერეთელი აცნობს, თუ როგორ გატარდა იქ მიწის საკითხი, როგორ დაუნაწილდა გლეხებს კერძო საკუთრებად მიწები სულზე 7 დესეტინა (აქ ალბად შეცდომაა წერეთლის ნალაპარაკევის გადმოცემაში გაზეთის თანამშრომლის მიერ. მთარგმნელის შენიშვნა). ის ლაპარაკობს დამფუძნებელი კრების შესახებ, საბჭოების კონსტრუქციის შესახებ, რომლებიც არჩეულია მთელი მუშათა კლასის მიერ, მაგრამ ის სტოვებს უპასუხოდ კაშენის კითხვას, რომელმაც ჰკითხა მას, მის საფრანგეთში ჩამოსვლის დროიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი ცდას, რომ ემოქმედნათ მასზე გენერალ დენიკინის მოძრაობის სასარგებლოდ“.