ქუთაისში მუსიკალური სასწავლებელი დაარსდა
ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919 წლის 20 აპრილი, N4.
თებერვლის ორს, 1919 წელს, ბუნებით ულამაზესად დაჯილდოებული დასავლეთ საქართველოს დედა-ქალაქ ქუთაისში გაიხსნა დიდი ხნის ნანატრი ქართული მუსიკალური სასწავლებელი.
ჯერ კიდევ 1909 წ. მ. ლობჯანიძის თაოსნობით მცირე ჯგუფმა განიზრახა ქართული ფილარმონიული საზოგადოების ფილიალური განყოფილების დაარსება; მასვე უნდა გაეხსნა მუსიკალური სასწავლებელი, რომელსაც მიზნად ექნებოდა სპეციალური მომზადების გარდა ქართველ მომღერალთა ეროვნული გუნდების შედგენა-შეკრება, გამოცემა ქართული სიმღერა-გალობისა დასავლეთ საქართველოისა, რომელიც ესრე მდიდარია. მით უმეტეს საჭირო იყო ამ საქმის დაპირება, ვინაიდან რაც დრო მიდის, თანდათან ჰქრებიან უკანასკნელი მოგიკანები ქართული სიმღერა-გალობის მცოდნეთა, რომელთაც მამაპაპით ჰქონდა შესწავლილ-შეთვისებული.
იმ ხანებში დასავლეთ საქართველოში მოგზაურობდა მუსიკოსი ზაქრო ფალიაშვილი, რომელიცა ჰკრებდა მასალებს თავისი ოპერა „აბესალომ და ეთერისათვის“. იმანაც მიიღო მხურვალე მონაწილეობა და აღუქვა დიდი დახმარება, კონცერტის მოწყობით და სხვა. შესდგა კიდეც დროებითი საორგანიზაციო ბიურო სადაც არჩეულ იქნენ რვა პირი: ბატონ ალექსანდრე გარსევანიშვილი, ძმანი მ. და ნ. შარაბიძენი, კ. მაღრაძე, მამა რ. ხუნდაძე, ბ. მიქელაძე, მ. ლობჯანიძე და გ. თუთბერიძე, მაგრამ საუბედუროთ, ჯერ ზოგიერთ გადაგვარებულ ვაჟბატონების წყალობით რომელთაც სურდათ უსათუოდ საიმპერატორო რუსეთის მუსიკალური საზოგადოების დაარსება, შემდეგ ომის უბედურად მსვლელობამ და რუსეთის დიდმა რევოლუციამ დროებით შეაფერხა საზოგადოების დაარსება.
საქართველომ როგორც კი აიყარა მონობის ბორკილი, ხელოვნებას და მეცნიერებას დაეტყო აღორძინება, დაარსდა ქართული ოპერა და სხვა მრავალი.
შარშან თბილისის ქართულ ფილარმონიული საზოგადოება გადაკეთდა მუსიკალურ საზოგადოებად, რომელმაც დაისახა მიზნად ყოველ ქართულ პროვინციაში თავისი განყოფილების და სკოლების გახსნა დამფუძნებელ კრებაზე ბ. ლობჯანიძის წინადადებით ერთხმად მიღებულ იქნა, რომ ქუთაისში დაუყოვნებლივ გახსნილიყო საზოგადოების სასწავლებელი, გაგზავნილი იქნა ჩვენი ცნობილი რომანსის შემქმნელი კომპოზიტორი მ. ბალანჩივაძე, რომელმაც დააფუძნა საზოგადოების განყოფილება და აგრეთვე მუსიკალური სასწავლებელიცა, რომელიც დიდი-ზეიმით გაიხსნა კიდეც ამ საზოგადოების თავმჯდომარედ თვით მელინტონ ბალანჩივაძეა, იგივეა სასწავლებლის დირექტორად.
სალამი და გამარჯვება ახალ და ნორჩ სასწავლებელს.
დილეტანტი