თბილისი ოლივერ უორდროპს ეგებება

„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 31 აგვისტო, N194.

გუშინ, აგვისტოს 30-ს, დილის 10 საათზე ბათუმიდან საგანგებო მატარებლით ჩამოვიდა ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ამიერკავკასიაში ბატონი ოლივერ უორდროპი. სადგურზე ბატონ უორდროპს შეხვდნენ: მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი კონსტანტინე საბახტარაშვილი,  მიწათმოქმედებისა და გზათა მინისტრო ნოე ხომერიკი, გზათა დეპარტამენტის დირექტორი ჭიჭინაძე, თფილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი და ქართული კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოებათა და დაწესებულებათა წარმომადგენელნი. ამას გარდა კომისარს შეხვდენ ინგლისის მისია ღენერალი კორის მეთაურობით, იტალიის მისია პოლკოვნიკი გაბბას მეთაურობით, საფრანგეთის მისია პოლკოვნიკი შარდინის მეთაურობით, აგრეთვე სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთისა და უკრაინის მისიათა წარმომადგენლები.  

            სადგურის მოედანზე იდგა  ქართული ჯარის საპატიო ყარაული ორკესტრით. სადგური და ქუჩები ეროვნული ბაირაღებით იყო მორთული. სადგურის გამოსასვლელთან ორი მხრით იდგა ქართველ-ინგლისელთა ჯარის ნაწილები ორკესტრით. ბატონ უორდროპს ვაგონში მთავრობის სახელით მიესალმა ევგენი გეგეჭკორი და გააცნო მას ქართული დაწესებულებათა და საზოგადოებათა წარმომადგენლები, ბატონმა უორდროპმა მათ შორის იცნო თავისი ძველი ნაცნობები, სხვათა შორის გრიგოლ დიასამიძეც. შემდეგ ბატონი უორდროპი მიესალმა ღენერალ კორის და მიიღო მოხსენება ბაქანზე გამწკივრებული ქართული ყარაულის უფროსისაგან, მოიწონა ჯარისკაცთა დარაზმულობა და სიამოვნება გამოსთქვა ქართული ჯარის ასე რიგიანად მოწყობისათვის. შემდეგ ბატონი უორდროპი მიესალმე ყველა მისიათა წარმომადგენლებს და ევგენი გეგეჭკორთან ერთად ავტომობილებით წავიდა სადგურიდან.     შემდეგ უორდროპთან ერთად ჩამოსული მისიის წარმომადგენლები უაიტი და მილი ჩაუსხდნენ ავტომობილში ბატონ საბახტარაშვილს.  მისიის წევრები 12 ავტომობილმა მიაცილა ღენერალ კორის ბინასთან. ბატონმა უორდროპმა მადლობა უთხრა ევგენი გეგეჭკორს ასეთი სადღესასწავლო შეხვედრისთვის. გზაზე აუარებელი ხალხი იყო თავმოყრილი და ქალები უორდროპის ავტომობილს ყვავილებს ესროდნენ.