საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა დანაშაულის და უკანონო მიგრაციის საკითხებზე იმსჯელეს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას, გიორგი გახარიას შეხვდა და საპოლიციო თანამშრომლობის, განსაკუთრებით კი, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო.
მინისტრებმა შეხვედრაზე სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ადმინისტრაციულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, ორი ქართველი ოფიცერი პარიზში განთავსდება და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გამოძიებებში უშუალოდ ჩაერთვება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადიან დანაშაულს.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა, რომ საფრანგეთთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და ორი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. „უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საქართველო და საფრანგეთი ერთად იმუშავებენ სამი კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად. ესენია: ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ.
აღნიშნა რა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, სადაც სახელმწიფო სამსახურები გარკვეული ხარისხით მუშაობენ, სადაც არ არის ომი და სადაც გარემოებები სპეციალური დაცვის შეთავაზებას არ ამართლებს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს საფრანგეთში ეძებენ, შემდეგ ისეთ პირობებში აღმოჩნდებიან, რომელზეც სულაც არ ოცნებობდნენ.
„ამიტომ ერთად უნდა ვიმუშაოთ… ვიმოქმედოთ თავშესაფრის მოთხოვნის ამ უკანონო თხოვნებზე… ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ბრძოლის გაგრძელება და მისი გაღრმავება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „საქართველო დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა და ამიტომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა თხოვნების დონე არანორმალურია – ეს ანომალიაა, რასაც, ვაპირებთ, რომ მტკიცედ შევებრძოლოთ“.
თბილისში კრისტოფ კასტანერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესაც შეხვდა. მოგვიანებით ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)