მთავრობა აპროტესტებს სააგენტო რეიტერის ცილისწამებას “ქართველთა მოღალატეობაზე”
„ერთობა“, 6 მაისი, 1919 წ. N97
უკანასკნელი ცნობები
თფილისი. მაისის 3. (ოფიციალურად).
ქართველ ხალხს ერთ ახალ ცილს კიდევ სწამებენ: რეიტერის სააგენტოს აპრილის 27-ის ბიულეტენებში გადმოცემულია ცნობა ვითომ მომხდარიყოს ახალი გამოაშკარავებანი ომში ოსმალეთის ჩართვის შესახებ. ამასთანავე იუწყებიან, რომ ვიდრე ოსმალეთი ომს გამოაცხადებდა, ვითომ ენვერ-ფაშას ხელშეკრულება დაედოს საქართველოსთან კავკასიაში სამხედრო მოქმედების შესახებ, რითაც აიხსნება ის გარემოება, რომ ბრესტ ლიტოვსკის ხელშეკრულობით საქართველოს ეძლეოდა მნიშვნელოვანი ოსმალეთ საქართველოს კონცესიები. საქართველოს მთავრობა ყველას წინაშე დაუფარავათ აცხადებს, რომ ეს ცნობა თავიდან ბოლომდე ბოროტი სურვილით შექმნილი უსაზიზღრესი ცილის წამებაა და ქართველ ხალხს აწერს ისეთ უპასუხისმგებლო პირთა ერთი ჯგუფის გამოსვლას, რომელთაც ქართველ ხალხთან არაფერი საერთო არა ჰქონიათ წარსულში და არც ეხლა აქვთ. მოღალატეობას აბრალებენ ქართველ ხალხს, იმ ხალხს, რომელმაც გერმანია-ოსმალეთის კოალიციის უაღრესი ბატონობის დღეებში უარი განაცხადა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე. მიუხედავათ იმისა, რომ მას მრავალ სარგებლობას ჰპირდებოდენ, სწორეთ იმ ხალხს, რომელმაც გარკვევით სთქვა უარი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების აღიარებაზე, მას შემდეგ, რაც მას ხელი მოაწერეს, იმ ხალხს, რომელმაც მთელი თავისი ძალები საქართველოში შემოჭრილ ოსმალთა ბრბოების საწინააღმდეგოდ მიმართა, რომელმაც თავისი საუკეთესო შვილები ბათუმის დასაცავად გაგზავნა და მდ. ჩოლოქზე ოსმალეთის ჯარის მთელი დივიზია გაანადგურა, იმ ხალხს, რომლის საუკეთესო წარმომადგენლები მედგრათ შეებრძოლენ შემოსეულ ოსმალებს, და აი, ამ ხალხს საზიზღარ ცილს სწამებენ მოღალატეობაში და ისიც ისეთი წყაროს საშუალებით, როგორიც რეიტერის სააგენტო, რომლის ცნობების ჭეშმარიტებათ მიღებას ჩვენ მივეჩვიეთ. საქართველოს მთავრობა კიდევ აცხადებს, ის ცნობა თავიდან ბოლომდე გამოგონილია, და პროტესტს აცხადებს ასეთი გამოსვლის გამო, რომელთა მიზანია დაუმსახურებლათ ჩირქი მოსცხონ ქართველ ხალხს მთელი ქვეყნის წინაშე.