ნაციონალური მოძრაობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო ოპოზიცია 19 მაისს დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტებთან და დარღვევებთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას იბარებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ 16 მაისს განუცხადა და აღნიშნა, რომ თამარ ჟვანიამ პარლამენტის წინაშე პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას, თუ „რატომ არ რეაგირებს ცენტრალური საარჩვენო კომისია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ თუ მიმდინარე დარღვევებზე“ და „რატომ გადაიქცა საარჩევნო კომისია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ წევრად და დაკარგა ნეიტრალურობა და ობიექტურობა“.
თამარ ჟვანიას პარლამენტში დაბარების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, ფრაქციების პრეროგატივაა ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლები დაიბარონ და იგი დარწმუნებულია, რომ „არც ცესკოს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით”.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესები „აბსოლუტურად სამართლიან და მშვიდობიან გარემოში“ მიმდინარეობდა, „თუმცა როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მიუვიდათ გარკვეული კვლევის შედეგები და მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია“.
დღესვე სპეციალური ბრიფინგი გამართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „დესტრუქციული ქმედებებით” „საარჩევნო პროცესის ხელისშეშლას და მის დისკრედიტაციას“ ცდილობს. „ჩვენი ოპონენტების მიზანია საარჩევნო პროცესის ჩაშლა სწორედ ზუგდიდში, სადაც, მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე“, – დასძინა მანვე.
ჩუგოშვილი ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას პარლამენტში დაბარების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმრავლესობას ცესკო-ს თავმჯდომარესთან კითხვები არ აქვს. „ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს პროცესები წარმართოს კანონის შესაბამისად“, – განმარტა მან.
ბოლო რამდენიმე დღეა, ნაციონალური მოძრაობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ზუგდიდში არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობს. მათი მტკიცებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ნდობა დაკარგა, რადგან მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სამაგიდო სიები და ბეჭდები საოლქო კომისიიდან დარღვევით გასცა. ისინი მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მოთხოვნას 16 მაისს გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაგომის აუცილებლობა და სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
ცესკოსვე განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ, საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა „ყოველი არჩევნების დროს ასეთ სახეს ატარებს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა… ყოველგვარი ეჭვებისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)