ქალთა მოძრაობა სანდრა რულოვსის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს
„ქალთა მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის უფლება „კენჭი იყაროს სამართლიან და თანასწორ არჩევნებში, ილახება მათ შორის, გენდერული ნიშნით.
16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალთა მოძრაობა შეშფოთებას გამოხატავს, „რულოვსის წინააღმდეგ მიმართული იმ შავი პიარის გამო, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს“. მოძრაობა 14 მაისს ზუგდიდში რულოვსსა და მის მხარდამჭერებზე „თავდასხმის“ ფაქტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თავდამსხმელი დღემდე დაკავებული არ არის.
ქალთა მოძრაობა სოციალურ ქსელებში რულოვსის წინააღმდეგ გავრცელებულ „სექსისტური შინაარსის“ მასალებზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ ინტერნეტში მსგავსი მასალები სწორედ ე.წ. სამთავრობო ტროლების მიერ ვრცელდება და სპონსორდება.
„[სანდრა რულოვსისა] და მისი მხარდამჭერების ფიზიკური უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. მათ სდევნიან და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახელმწიფო სტრუქტურები კი ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის უფლებების ეფექტურ დაცვას“, – აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს: უზრუნველყოს სანდრა რულოვსის „პასიური საარჩევნო ხმის უფლების აღსრულება“, სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს, თავი შეიკავოს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან და შექმნას უსაფრთხო წინასაარჩევნო გარემო.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ქალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებული სექსისტური განცხადებების გამო, მოძრაობა ქართულ ოცნებას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას პარტიიდან გარიცხვის რეკომენდაციითაც მიმართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)