შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაზრო მილიციის რეფორმას ამზადებს
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 7 ოქტომბერი, N225.
მთავრობის ხელისუფლებამ ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, უნდა დაიცვას სხვა მოვალეობასთან ერთად, მცხოვრებთა ქონებრივი და პირადი უფლებები და მათი არსებობა ყოველმხრით უზრუნველჰყოს. ეს მიზნები უნდა შეადგენდენ უპირველეს მზრუნველობის საგანს არა მარტო სიმშვიდისა და წესრიგის დამყარებისთვის რესპუბლიკაში, არამედ თვით რესპუბლიკის არსებობის გულისათვისაც და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისათვის. ამ მიზნების განხორციელების გზაზე მთავრობას წინ ეღობება, როგორც ეხლანდელი საგარეო საქმეთა მდგომარეობა, რომელიც აფერხებს თავდაცვის საქმეს, ისე შინაგან ცხოვრებაში წარმოშობილი დაბრკოლებანი.
შინაგან ცხოვრების უმთავრესი მიზეზი, რომელნიც შინაგანი წესრიგის დამყარებას აბრკოლებს, არის რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობა. ეს მდგომარეობა ავითარებს მცხოვრებლებში თვითნებობისა და დაუსჯელობის რწმენას ისეთ დანაშაულობისათვის, რომელიც არც ერთი შეხედულებით არ გამართლდება. ამას უნდა დაუმატოთ ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში თავმოყრილია მრავალი არა საიმედო მცხოვრებთა ელემენტები, რომელიც ხელს უწყობს ყოველგვარი სამართლიანობის დარღვევასა და რესპუბლიკის საფუძვლის გამოცლას.
ასეთ მდგომარეობასთან საბრძოლველათ არსებული ადმინისტრაციისა და ადმინისტრატიული მილიციის გარდაქმნა, მისი შტატების შეცვლა ახალი პირობების მიხედვით აუცილებელია.
არსებული ადმინისტრაცია და ადმინისტრაციული მილიცია შექმნილი იყო სულ სხვა პირობებში, ხალხისა და მთავრობის სხვა და სხვა გვარი სულიერი განწყობილების დროს; მას შემდეგ რესპუბლიკის ცხოვრება ძირიანად შეიცვალა, როგორც პოლიტიკურის, ისე ფინანსური მხრით. რესპუბლიკის სააღმშენებლო მუშაობა დაჩქარებული ტემპით სწარმოებს, ნორმალურ კალაპოტში დგება და სახელმწიფოებრივი ორგანოები უნდა იცვალონ ცხოვრების მიხედვით, მანამდის ცხოვრების ცვალებადობა არ შესწყდება და ის გარკვეულ მუდმივ სახეს არ მიიღებს. ამნაირათ ცხოვრებასთან შეფარდებული მთავრობის ორგანო საჭირო არის არა მარტო წესრიგის დასამყარებლად, არამედ თვით არსებულ მდგომარეობისა და მთავრობის ხელისუფლების განსამტკიცებლად.
სხვა პირობებში შექმნილი და ეხლა მოქმედი ადმინისტრაცია და ადმინისტრაციული მილიცია ძლიერ სუსტ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომ მან ხალხს მისცეს შინაგანი მშვიდობა, თუმცა ხალხში ძლიერია ასეთი მშვიდობის სურვილი და მოთხოვნილება. მშვიდობის აუცილებლობას ყოველთვის გრძნობდა ხალხი. ხალხის ეს სურვილი განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიქმნება ადმინისტრაციისა და ადმინისტრაციული მილიციის მტკიცე ორგანიზაცია ერობათა და მთავრობის ერთმანეთის დახმარებით; ასეთი მტკიცე ადმინისტრაციისა და ადმინისტრაციული მილიციის ორგანიზაცია, დაკავშირებულია რესპუბლიკის შინაგან ცხოვრებასთან, რომელიც იცავს და უზრუნველყოფს მცხოვრებთა ქონებრივისა და პირად უფლებებს, შეადგენს სამართლისა და მთავრობის ძალასა, მიუხედავათ მთავრობის შეცვლისა და მრავალ ადგილას ამბოხების წარმოებისა.
რესპუბლიკის საზოგადოებრივი აღმშენებლობის საფუძვლათ დევს მაზრის ერობები, რომლებზეც იყოფა რესპუბლიკის ტერიტორია და რომლებიც მთავრობის უფლებასთან შედარებით წარმოადგენენ ადმინისტრატიულ ერთეულებს. ასეთ დაყოფას საფუძვლათ დაედო ძველი მაზრებთა დანაწილება, როგორც უფრო ცნობილი ხალხისთვის და მათ ქონებრივსა და პირადი უფლებების დასაცავათ უკვე მოწყობილი და შეფარდებული მათ ჩვეულებასთან. მაგრამ ამის მიხედვით შესაძლებელი არ არის დასახელებული ინსტიტუტები სასურველ სიმაღლეზე იდგეს, მას ესაჭიროება ორგანიზაციასთან და კარგ ზედამხედველთან ერთად კიდევ მატერიალური უზრუნველყოფა, რაც საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ერობების გამგეობებს, სრული უფლებითა და სინდისით მოსთხოვონ ადმინისტრაციისა და მილიციის მოხელეთ გულწრფელათ, თავდადებულათ და კეთილსინდისიერათ, ნაკისრები თანამდებობის მოვალეობის ასრულება; და ამასთან განუსაზღვრელათ გაშალონ ერობებმა თავის უფლება მოხელეებზე.
არსებული მილიციის უვარგისობა დღევანდელ პირობებში ცხადია: მუდმივი უკმაყოფილება მომწიფდა ხალხში. ახლანდელი ადმინისტრაციული მილიციის თვალისწინ რესპუბლიკის ცხოვრებაში სიმშვიდე და პირადი და ქონებრივი უზრუნველყოფა მოქალაქეთა არ არის დაცული. უმთავრესი მიზეზი ამ მოვლენისა არის ადმინისტრატიული მილიციის ცუდი შემადგენლობა. უეჭველია, თუ ასეა საქმე, და ამას მოწმობენ მაზრების ერობათა წარმომადგენლები, მილიცია და ამდინისტრაცია უნდა გარდაიქმნას, გაჯანსაღდეს. ამ მიზნით ცხოვრების მოთხოვნილებების ზეგავლენით, რესპუბლიკის ყველა მაზრის ერობის წარმომადგენლებმა იქონიეს ხანგრძლივი და დაწვრილებითი მსჯელობა და გამოარკვიეს დამოუკიდებლად, რომელზეც აშენებულია ამ მოხსენებაზე დამატებული შტატები ადმინისტრაციული მილიციისა, არსებული მისი ორგანიზაციისა და შემადგენლობის უვარგისობა. ამასვე (მილიციის უვარგისობას) დიდი ხანია მიაქცია ყურადღება სასამართლოს ნაწილმა, და არა ერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება არსებული მილიციის მოღვაწეობაზე.
ადმინისტრაციული მილიციის სასურველ სიმაღლეზე დასაყენებლათ, საჭიროა გამართულ იქნეს ერობასა და ადმინისტრაციის დამოკიდებულება და შემდეგ მილიციის ორგანიზაცია.
ერობა უნდა იყოს განკერძოებული ადმინისტრაციის ყოველგვარი მუშაობისაგან და არ უნდა გაითქვიფოს მასში, ხალხის არსებაში ეს ორი დაწესებულება და მათი ფუნქციები არ უნდა აირიოს.
მაზრის ადმინისტრაციას და მილიციას უნდა ჩამოშორდეს ის საქმეები, რომელთაც საერობო ხასიათი აქვთ (სტატისტიკა, გზები და სხვა) და დაევალოს ისეთები, რომელსაც მას კანონი ანიჭებს. ერობა კი თავის მხრით აწესებს კონტროლს ამ სამილიციო მუშაობაზე, აწესრიგებს ადმინისტრაციას. იძლევა დირექტივებს სადავო კითხვებში და აგვარებს მილიციის სამეურნეო ნაწილს. ერობებმა არ უნდა შექმნან ასეთი განყოფილებები ერობების გამგეობაში, რომელიც ამა თუ იმ ფორმით აღადგენენ ყოფილ მაზრის ინსტიტუტს, ან გადააქცევენ ამ განყოფილებებს მილიციის სამმართველოთ, მაგრამ ეს არ ხდის ზედმეტათ ისეთ განყოფილების შექმნას, რომელიც აასრულებს ზემოთ დასახელებულ ფუნქციებს.
მილიციის ორგანიზაცია უნდა მოხდეს ამგვარათ:
- მაზრაში უნდა გაუქმდეს თანამდებობანი – მაზრის, რაიონისა და სოფლის კომისრების და მათი მოვალეობანი გადავიდეს მაზრის მილიციის უფროსებზე და ნაწილობრივ, სოფლის საზოგადოებათა საერობო რწმუნებულებზე.
- ყველა მაზრაში უნდა იქნეს ერთი მაზრის მილიციის უფროსი და ერთი მისის თანაშემწე. მაზრა გაიყოს რაიონებათ: რაიონში შევიდეს ან ერთი წვრილი ერთეული ტერიტორია, როცა ერთეული ვრცელია (მაგალითად თფილისის მაზრა), ან რაიონში შედის რამდენიმე წვრილი ერთეული. რაიონის ფარგლები იმავე დროს უნდა იყოს იმდენათ პატარა, რომ რაიონის მილიციის უფროსს შეეძლოს მისი მოვლა. რიცხვი რაიონებისა მაზრაში გაზრდილი უნდა იქნეს იმ რიცხვთან შედარებით, რომელიც იყო რევოლუციის წინ, ან არსებობს ახლა, რასაც გვიკარნახებს საჭიროება, რომ რაიონის მილიციის უფროსი გაწვდეს თავის რაიონს, საცა გადადის სიმძიმის ცენტრი, როგორც მაზრის ცენტრიდან აგრეთვე სოფლის საზოგადოებიდან.
- მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსებთან უნდა არსებობდეს შტატი უფროსი და უმცროსი მილიციონერებისა (ცხენოსანი და ქვეითი). უფროსი მილიციონერების რიცხვი უნდა იქნეს შემდეგი ანგარიშით: ყოველ რაიონში ერთი და ამას გარდა, კიდევ 4 მთელს მაზრაში, უმცროსების: – ცხენოსნებისა და ქვეითების რიცხვი თანახმად შტატში აღნიშვნისა. სოფლის მილიციონერების რიცხვი თანახმათ სოფლის საზოგადოების რიცხვისა, სახელდობრ, ორჯერ მეტი ამ საზოგადოების რიცხვისა, და მათი გადაჯგუფება ევალება ერობის გამგეობას.
- წვრილ ერთეულებს ენდობა სათანადო სოფლის საზოგადოებაში სოფლის რწმუნებულების არჩევა, რომელთაც ნიშნავს, და დაწვრილებით კომპეტენციას არკვევს წვრილი ერთეული. ამ რწმუნებაზე გადადის ზოგიერთი ფუნქციები გაუქმებული სოფლის კომისრების, ეს რწმუნებულები და სოფლის მილიციონერები არიან წვრილი ერთეულების სრულ განკარგულებაში, მაგრამ ასრულებენ მაზრის ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნილებას თავის ფარგლებში.
ამ ნაირათ:
- ახლო მომავალში მაზრაში უნდა იქნეს დაწესებული ორი ინსტანციის ადმინისტრაცია და ადმინისტრატიული მილიცია, როგორც ერთობა. დროებით კი დარჩება სამ ინსტანციანი ადმინისტრაცია და მილიცია.
- გაუქმდება თანამდებობა მაზრის კომისარისა, მისი თანაშემწისა და მათი კანცელარია და ყველა მათი ფუნქცია, გარდა იმათი, რომლებიც ერობის ხელში გადადიან, ევალება მაზრის მილიციის უფროსს, მის თანაშემწესა და კანცელარიას. უქმდება აგრეთვე რაიონის სოფლის კომისრების თანამდებობა და მათი ფუნქციები გადავა რაიონებში მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწეებზე და სოფლებში, საზოგადოების ერობის მიერ არჩეული ერობის რწმუნებულებზე.