არასამთავრობოები საარჩევნო პროცესს აფასებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, დღის ორი საათის მდგომარეობით არსებულ ვითარებას აფასებენ და ამ დროისთვის გამოვლენილ ხარღვევებზე მიუთითებენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
საია-ს განმარტებით, კენჭისყრის პროცედურები ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა საარჩევნო გარემოსა და ამომრჩევლის ნების კონტროლის ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბანზე და მათ მიმდებარედ შეხლა-შემოხლის, ასევე კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზების ფაქტები ფიქსირდება, რაც ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კანონდარღვევა არ არის, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ორგანიზაცია წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევაზეც მიუთითებს.
საია საარჩევნო უბნების უმრავლესობაში დამკვირვებლების სტატუსის მქონე პირთა სიმრავლეზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ სადამკვირვებლო სივრცე ისე უნდა გაანაწილოს, რომ ამომრჩეველს ხმის მიცემის დროს პრობლემა არ შეექმნას.
საია-ს ინფორმაციით, დღის ორი საათის მდგომარეობით, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ჯამში 6 საჩივარი დაიწერა. აქედან 5 ზუგდიდში, ერთი კი – მარნეულში. ოთხი საჩივარი წილისყრისა და კენჭისყრის პროცედურების დარღვევას, ერთი საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნას (ზუგდიდი), ერთი კი – განმეორებით ხმის მიცემას ეხება (მარნეული).
„სამართლიანი არჩევნები“
საარჩევნო უბნების უმრავლესობის დროულად გახსნისა და კენჭისყრის პროცესის მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარმართვაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც“.
ISFED-ის განმარტებით, მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანზე დამკვირვებლების უფლების შეზღუდვას ჰქონდა ადგილი. ISFED-ის ინფორმაციით, მარნეულის #68 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ყუთში 4 ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ რამდენიმე ბიულეტენი თან წაიღო.
ამასთან, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ზუგდიდის 5 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში არაუფლებამოსილი პირის ყოფნაც დააფიქსირეს. მარნეულისა და ზუგდიდის ორ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა. მარნეულის ერთ საარჩევნო უბანზე ადგილი უკანონო აგიტაციას ჰქონდა. ზესტაფონის სამ და ზუგდიდის ერთ უბანზე კი – რეგისტრატორებმა ზედმეტი ბიულეტენები გასცეს.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მარნეულის, ზუგდიდისა და ხულოს რამდენიმე უბანზე სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. ამასთან, მარნეულის ერთ უბანზე მარკირების წესიც დაირღვა. ადიგენის, მთაწმინდის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, ჭიათურის და მარნეულის უბნებზე კი – კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩეველთა აღრიცხვა ხდებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)