NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა (NDI) 20 მაისს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკითების ფართოს სპექტრის შესახებ მოსახლეობის განწყობებს ასახავს. კვლევაში მთავარი აქცენტი საგარეო პოლიტიკაზეა გაკეთებული.
NDI-ის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით, კვლევისთვის საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 2 927 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ გასაუბრების მეთოდით, რომელიც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. კვლევის საშუალო ცდომილება, ავტორების თქმით, +/-2.3%-ია.
ევროკავშირი
კვლევის შედეგების მიხედვით, იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მთავრობის გაცხადებულ მიზანს მხარს უჭერენ 2018 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირდა 83%-დან 77%-მდე. ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას მხარს სრულად გამოკითხულების 56% უჭერს.
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერების 66% მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, 41%-ის აზრით, ქვეყანას მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, 17% კი ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
იმ 13%-დან, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, 39% მიიჩნევს, რომ ეს რუსეთთან კონფლიქტს წარმოქმნის, 31%-ს რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა ურჩევნია, 19% კი ფიქრობს, რომ ეს საქართველოს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის.
რესპონდენტების 68% ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, 14% კი საპირისპიროს აცხადებს.
ნატო
კვლევის ფარგლებში გამოკითხულების 74%-ისთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, მისაღებია. ეს მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. გამოკითხულების 55% ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
მათგან, ვისთვისაც ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მისაღებია, 53% ფიქრობს, რომ ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, 37%-ის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, 27%-ის რწმენით კი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს გაზრდის.
იმ 15%-დან, ვისთვისაც ნატოში გაწევრიანება მისაღები არ არის, 51%-ის მოსაზრებით, ეს რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს, 12%-ის რწმენით, საქართველო უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს, 10% კი მიიჩნევს, რომ ნატო საქართველოს არ დაიცავს და მისგან ქვეყანა სარგებელს ვერ მიიღებს.
ეროვნული უსაფრთხოება
გამოკითხულების 28% და 11% ამბობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გარანტიები ქვეყნის ნატოში და ევროკაშირში გაწევრიანებაა. რაც შეეხება ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეებს, 31% რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11% აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, 10% კი – რუსულ პროპაგანდას ასახელებს.
რესპონდენტების 66%-ის მოსაზრებით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით სარგებელს მიიღებს. 21% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანას უფრო მეტი სარგებელი ექნება, თუკი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარს იტყვის.
მედია
რესპონდენტების 72%-მა და 21%-მა ქართული პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზია და ინტერნეტი/ფეისბუკი დაასახელეს.
ყველაზე სანდო ტელეკომპანიებად რესპონდენტების 32%-მა და 28%-მა ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ დაასახელეს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით ექვსი და რვა პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)