კრიტიკოსთა კლუბი მსოფლიო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას გეგმავს
1918-1921 წლებში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ეხმარებოდა ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოებას, აფინანსებდა საზოგადოების საქმიანობას, აძლევდა უპროცენტო სესხებს და უკვეთავდა საგამომცემლო საქმიანობას.
გაზ. „საქართველო“, 1919 წლის 3 მაისი, N94.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან არჩეულ წიგნების გამოცემის სექციასთან 1919 წლის 2 იანვრიდან დაარსდა ქართული ლიტერატურის კრიტიკოსთა კომისია, რომელშიც შედიან ივანე გომართელი (დამფუძნებელი კრების წევრი, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა), შიო დედაბრიშვილი, დავით კასრაძე, დ. ხოშტარია და ვლ. ბაქრაძე; ხსენებული კომისია დაარსებიდანვე ყოველ პარასკევობით გამართავდა სხდომებს თავის სამოქმედო პროგრამის დასამუშავებლად, თუ პირველ რიგში რადარა წიგნები იყო საჭირო გამოსაცემად. გადასწყდა, უპირველესობა მიეცეს ჯერ ქართულ კლასიკებს და შემდეგ უცხოელებს. იმ კითხვაზე თუ უცხოელ მწერლებიდან რომელი ითარგმნოს პირველ რიგშიო, დავით კასრაძემ ორჯერ ვრცელი მოხსენება წარადგინა, მცირეოდენის შესწორებით მის მიერ წამოყენებული სია მიღებულ იქმნა ვრცლად, როგორც სამერმისო სამოქმედოდ, და შემოკრებით სადღეისო სამოქმედოდ, მოგვყავს შემოკლებული სია.
ფრანგული ენიდან
- მოლიერი: დონჟუანი, მიზანტროპი, ტარტიუფი, ეჭვით ავადმყოფი, სკაპენის ცუღლუტობა, ქმართა სკოლა;,ცოლთა სკოლა და სხვა.
- ჰიუგო: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
- ვერჰარნი, მოპასანი, ფლობერი, მირბო, ფრანსი, მეტერლინკი.
გერმანული ენიდან
- გოეთე: ფაუსტი, ვერტერი.
- შილლერი: ყაჩაღები, ორლეანელი ქალი, ვერაგობა და სიყვარული, დონ კარლოსი, ვილჰელმეტი, მარიამ სტიუარტი და სხვა.
- ძმები გრიმები: ზღაპრები.
- ჰოფმანი
- ნიცშე: ასე იტყოდა ზარათუსტრა.
- ჰაუპტამი: როზაბერნდ, ჰანელე, ფეიქრები, დაძირული ზარი, ავადმყოფი ხალხი და სხვა.
- ზუდერმანი: მამა, ქვა-ქვის-ქვეშ და სხვა.
- შნიცლერი: ბეატრიჩეს სამოსელი.
ინგლისური ენიდან
- დანიელ დეფო: რობინზონ კრუზო.
- ჩარლზ დიკენსი: დავით კოპერფილდი.
- ბიჩერ სტოუ: ბიძია თომის ქოხი.
- ოსკარ უაილდი: ზღაპრები, დორიან გრეის სურათი.
- იულიამ შექსპირი: ივანე მაჩაბლის ნათარგმნები.
სკანდინავიური ენებიდან
- იბსენი: ხალხის მტერი, მოჩვენებანი, ნორა და სხვა.
- კნუტ ჰამსუნი: პანი, ვიტორია.
- ჰანს კრისტიან ანდერსენი: ზღაპრები.
პოლონური ენიდან
- სენკევიჩი: ქვო ვადის?
ამავე კომისიამ შეიმუშავა ნორმა ავტორთა დაჯილდოვებისა. მცირეოდენის შესწორებით მიღებული იქნა თედორე კიკვაძის (დამფუძნებელი კრების წევრის, რესპუბლიკა-ს შენიშვნა) მოხსენების შემდეგი საფუძველი:
- თარგმანი რუსულიდან inquarto ორიგინალისა:
ა. პროზა – 16 გვერდი – 200 მანეთი
ბ. პოეზია – 16 გვერდი – 300 მანეთი
2. თარგმანი ევროპული ენებიდან
ა. პროზა – 16 გვერდი – 300 მანეთი
ბ. პოეზია – 16 გვერდი – 450 მანეთი
3. ორიგინალი ნაწარმოებიდან:
ა. პირველ ხარისხოვანი ნაწარმოებიდან – 16 გვერდი – 450 მანეთი
ბ. მეორე ხარისხოვანი ნაწარმოებიდან – 16 გვერდი – 300 მანეთი
კომისია პრაქტიკულად უკვე შეუდგა გეგმის განხორციელებას. იგი მხოლოდ შეუდგა როგორც ჩვენი კლასიკების მოკრებას, ისე უცხოელ ნათარგმნ კლასიკების მოკრება-შესწორებას.
დავით კასრაძემ კომისიის დავალებით უკვე სთარგმნა მეტერლინკის თეატრის პირველი ტომი, რომელშიაც შედიან შემდეგი პიესები: ა. პრინცესა მელანი, ბ. დაუპატიჟებელი და გ. ბრმები.
მთარგმნელნი განაგრძობს დანარჩენ ტომთა თარგმნას.