აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი
პროფესორი – იაცეკ ჩაპუტოვიჩი – პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
ევროკავშირის გაფართოების შემდეგ 2004 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე ქვეყნები მისი უახლოესი მეზობლები გახდნენ. პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატიური სამსახურები, ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ გამორჩეული პარტნიორობის ჩამოყალიბების პროცესში ექვს ქვეყანასთან, ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინაუგურაცია მოხდა 2009 წლის მაისში პრაღის სამიტზე, სადაც მას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” (EaP) სახელი ეწოდა. მისი ინაუგურაციიდან ათი წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ის ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, რადგან იგი წარმოადგენს პოლიტიკური ამბიციების, სტრატეგიული პოტენციალისა და გეოპოლიტიკური კომპრომისების სინთეზს. თუმცა, არ არსებობს სხვა პოლიტიკური ფორმა, რომელიც შეიძლება უკეთესად გამოხატავდეს ჩვენი კავშირების კომპლექსურ ბუნებას ჩვენს აღმოსავლეთ მეზობლებთან.
პარტნიორობის ჩამოყალიბებიდან ათი წლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ამოცანა გახლავთ ის, რომ შეეწყოს მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. საჭიროა ახალი მიდგომის ჩამოყალიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამი მიმართულებით: ეს გახლავთ სამართლებრივი დაახლოება, ინსტიტუციონალიზაცია და სექტორული თანამშრომლობა.
სამართლებრივი დაახლოება
რაც შეეხება სამართლებრივ დაახლოებას, იგი ხორციელდება ასოცირების შეთანხმების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების განხორციელების წყალობით. ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობების დებულებების შესრულებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები თავიანთ ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს გადასცემენ ევროკავშირის – acquis communautaire – კანონთა კრებულის დიდ ნაწილს. პოლიტიკურმა რეფორმებმა უნდა გააძლიერონ საჯარო ინსტიტუტები, აღადგინონ ხალხის ნდობა და გამძლეობა შიდა და გარე ზეწოლის მიმართ. მათ ასევე უნდა მიაღწიონ კორუფციის მნიშვნელოვან ვარდნას და გააძლიერონ კანონის უზენაესობა რეგიონში. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, რათა შეიქმნას უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში.
ზოგჯერ გვესმის მოსაზრებები, რომ ასოცირების შეთანხმების კონკრეტული მიზნები არ იყო საკმარისად ამბიციური, ან პირიქით, რომ ზედმეტად ამბიციური იყო. ჩვენ უნდა განვიხილოთ და შევცვალოთ ისინი – ისევე, როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ, როდესაც ცოტა ხნის წინ დავამატეთ ენერგეტიკული დანართი უკრაინა-ევროკავშირის შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმებები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დროს და ახალ გამოწვევებს, ასევე გააძლიეროს სექტორული თანამშრომლობა. ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთთ მათ “ასოცირების შეთანხმებების დამატებები”, რათა განვსაზღვროთ პოლიტიკური პროცესები, რასაც მოჰყვება მოდერნიზაცია.
ინსტიტუციონალიზაცია
მეორე სფერო, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაცია. ამ მიზნით შეიძლება განვიხილოთ სამდივნოს შექმნა, რომელიც უხელმძღვანელებს EaP სისტემაში არსებულ პლატფორმებს. სამდივნოს შექმნა ხელს შეუწყობდა საერთო პოზიციების ჩამოყალიბებას, იდეების შემოთავაზებას და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონალური ჯგუფის დონეზე. სამდივნო იფუნქციონირებდა მარტივი ფორმულის თანახმად, სათაო ოფისი განთავსდებოდა ბრიუსელში და მის საქმიანობაში ჩაერთვებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან დელეგირებული დიპლომატები.
ასევე, შესაძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მბრუნავი თავმჯდომარეობის დანერგვა. ეს ინიციატივა შესაძლებელს გახდიდა ევროკავშირის თავმჯდომარეობის სამეულთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან პოლიტიკური თანამშრომლობის დღის წესრიგის დაგეგმვას. თავმჯდომარე ქვეყანას შეუძლია ჩაატაროს და მოიწვიოს ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაციისთვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობდა მათი ადმინისტრაციების გაევროპელებას, პარტნიორი ქვეყნების პრო-ევროპული მისწრაფებების დემონსტრირებას, ისევე როგორც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივების დასახვას რეგიონის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ორივე ინიციატივა – სამდივნო და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პრეზიდენტობა – რეგიონის ქვეყნებს უფრო მეტ კონსტროლს მისცემდა მიმდინარე პროცესებზე.
დარგობრივი თანამშრომლობა
მესამე სფერო, რომელსაც განვიხილავთ, გახლავთ სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება. მეზობელ ქვეყნებში არსებული ევროკავშირის სააგენტოების, პროგრამებისა და ინსტრუმენტების ჩამონათვალი მოიცავს, როგორც საბაჟო თანამშრომლობას და სატრანსპორტო პოლიტიკას ასევე ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში წევრობას.
ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესები, როგორიცაა მიგრაციული ნაკადები და ზეწოლა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) უკვე სარგებლობს უვიზო რეჟიმით, რაც ხელს უწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ისევე როგორც თანამშრომლობას სასაზღვრო და სათავშესაფრო ინსტიტუციებს შორის. სხვა პარტნიორმა ქვეყნებმაც უნდა გააგრძელონ ეს გზა.
სექტორული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია საკავშირო ქსელი. TEN-T ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ახალი ინდიკატური სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაფინანსებას დაახლოებით 13 მილიარდი ევროს ღირებულებით, რომელიც ევროკომისიის მონაცემების თანახმად გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში 4 800 კილომეტრიან გზებს, სარკინიგზო ხაზებს, 6 პორტის და 11 ლოგისტიკურ ცენტრს მოიცავს. ჩვენი პარტნიორების მიერ გაფორმებული რეგიონალური როუმინგის ხელშეკრულება შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი ევროკავშირსა და EaP- ს შორის საერთო როუმინგის სივრცის შესაქმნელად, რაც კიდევ უფრო მჭიდრო დაახლოების საშუალებას გვაძლევს. პოტენციური სექტორული თანამშრომლობის სხვა სფეროებია ენერგეტიკული უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, საზღვრების მართვა, ჰაერის უსაფრთხოება და სხვ.
უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრები შეიძლება მოწვეულ იქნენ ევროკავშირის სექტორულ საბჭოებში. ჩვენ ეს უკვე ადრეც გაგვიკეთებია EFTA ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ Gymnich-ის და სავაჭრო საბჭოებთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
კიდევ უფრო ამბიციური გამოწვევა იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური ეკონომიკური სივრცის შექმნა, CEFTA- ს მაგალითზე, რომელიც შექმნილია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანებამდე. ამჟამად, ეს შეთანხმება კვლავ წარმატებით ფუნქციონირებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (მოლდოვა 2007 წლიდან ასევე გახლავთ შეთანხმების წევრი). ასეთი სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს EaP ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრირებას, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ფინანსური მომსახურების ლიბერალიზაციას და კვალიფიციური სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ისინი ამჟღავნებენ სხვადასხვა მისწრაფებებს, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას. თუმცა, აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავ წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომლითაც ყველას შეუძლია ისარგებლოს. მისი შექმნიდან ათი წლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავაც ინარჩუნებს იმის პოტენციალს, რომ კიდევ უფრო დააახლოვოს ჩვენი მეზობლები ევროკავშირთან. ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ ამბიციურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმზიდველობის შენარჩუნებას, როგორც ქვეყნებისთვის ასევე პირველ რიგში – ხალხისთვის.
***
ტექსტი ინგლისურ ენაზე 2019 წლის 13 მაისს EurActiv-ში გამოქვეყნდა.
This post is also available in: English (ინგლისური)