კიევში ზურაბიშვილის და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 მაისს კიევს ესტუმრა, სადაც ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.
ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყნის ლიდერებმა უკრაინა-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაძლიერების თაობაზე შეხედულებები გაცვალეს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ „უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“. მან ზელენსკი საქართველოში მოიწვია.
თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა განაგრძობს „თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებას ისახავს მიზნად“.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციის დაძლევაა და ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება უკრაინისთვის „მაგალითი“ იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)