თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 16-22 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. 17 მაისს იგი ნატოს ტრანსფორმაციის სარდლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა.
ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის ინფორმაციით, ნილსონმა და იზორიამ საქართველოს თავდაცვითი ტრანსფორმაციის მიმართ ნატოს მხარდაჭერაზე იმსჯელეს და განიხილეს, თუ როგორ გააფართოვონ ერთობლივი სწავლებების მასშტაბი, რომელმაც დაადასტურა, რომ „მნიშვნელოვანი მოვლენაა ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში“.
შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მათ ნატო-საქართველოს სწავლებებში „პოზიტიური დინამიკა“ აღნიშნეს. „2016-2019 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა – როგორც პარტნიორმა ქვეყანამ ავიღეთ პასუხისმგებლობა ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა შემდგომ პერსპექტივაზე – მორიგ ნატო-საქართველოს სწავლებაზე, რომელიც იქნება მასშტაბებით განსხვავებული და სხვადასხვა ელემენტისგან შემდგარი, როგორიც არის ამფიბიური და სახმელეთო კომპონენტი“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ „არის ძალიან კონკრეტული გეგმები, რომლებიც მიმართულია ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებაზე, პრაქტიკული ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც მოგვცემს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო იყოს მზად ნატოში გასაწევრიანებლად“.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ჯონ რუდს შეხვდა, სადაც მხარეებმა „რეგიონული უსაფრთხოების და რიგი სხვა თემები განიხილეს, მათ შორის ერთობლივი ოპერაციები ავღანეთში“.
თავდაცვის დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. იგი ასევე მიესალმა საქართველოს წვლილს ავღანეთში და ქვეყნის მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა სწავლებების შემდგომ შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, იზორიამ განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ახალ, სამწლიან შეთანხმებას ხელს შემოდგომაზე მოაწერს. „ეს მოგვცემს საფუძველს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ქვეყანა ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით, ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“, – დასძინა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)