დამფუძნებელი კრება დამოუკიდებლობის პირველი დღესასწაულის ღონისძიებათა გეგმას აცხადებს
გაზ. „ერთობა“ 1919 წლის 23 მაისი, №113.
26 მაისს დილით მთელი ქალაქი შემკული იქნება ეროვნული დროშებით. დაწესებულებები რა საკვირველია არ მუშაობენ. დილის 7 საათიდან სპეციალურ ავტომობილებში ეროვნულ ტანისამოსში ჩაცმული ჰელორდები დასცემენ ბუკს და აუწყებენ ქალაქს დღესასწაულის დაწყებას. ავტომობილები შემოივლიან მთელს ქალაქს. სასახლის წინ 10 საათზე მთავრობა მიიღებს ქართული ლაშქრის აღლუმს. ამ დროისათვის თავისუფლების მოედანთან და მის გარშემო ქუჩებში თავს მოიყრის ხალხი და კორტეჟში მონაწილე ორგანიზაცია-ჯგუფები.
დასრულდება ჯარების აღლუმი. აღლუმის დასრულების შემდეგ ჯარი გაემართება ვაკეზე.
თორმეტის ნახევარზე დაიწყება კორტეჟის პროცესია.
სასახლის წინ პირველ კამარასთან იქნებიან ჰეროლდები „დამოუკიდებლობის საყვირით“.
ჰეროლდების შემდეგ – შეერთებული ორკესტრი, ორკესტრს მიჰყვება სათანადოდ მორთულ მოკაზმული ავტომობილი – „რევოლუცია“.
შემდეგ – გურულების ხორო, ხოროს შემდეგ – მეორე შესაფერათ მოწყობილი ავტომობილი – „საქართველოს დამოუკიდებლობა“. შემდეგ 26 მაისის ხორო.
26 მაისის ხოროს შემდეგ – კავალდაკა – „საქართველოს გაერთიანება“. კავალდაკას შემდეგ ხალხური ხორო.
ხალხური ხოროს შემდეგ – ავტომობილი „გაზაფხული“. შემდეგ ორკესტრი რომელსაც მიყვებიან „შევარდენები“.
შევარდენების შემდეგ მოწაფენი, შემდეგ ამქრები და ბოლოს პროფესიული კავშირები.
დაახლოებით თორმეტ საათზე პროცესია მივა ვაკეზე, (სემინარიის გვერდით), სადაც თავს იყრიან, როგორც დღესასწაულში მონაწილენი, ისე მაყურებელნი.
აქ გამართული იქნება სტადიონი, რომელზედაც შესრულდება ეროვნული ჰიმნი, შვიდი სხვადასხვა ხალხური სიმღერა, შეასრულებს სახალხო მომღერალთა გუნდი. მერე შეერთებული სამხედრო ორკესტრი შეასრულებს ქართულ მარშს, ლოცვას და ხელხვავს. შემდეგ, გაიმართება საგიმნასტიო ვარჯიშობა-შეჯიბრება გაქცევაში, ჭიდაობა და სხვა. მონაწილეობას მიიღებს „შევარდენის“ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ფერად ტანისამოსში გამოწყობილი. გამარჯვებული ჯილდოთ მიიღებს დაფნის გვირგვინს.
სტადიონზე იქნება განსაკუთრებული ადგილი მთავრობისა, უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებისათვის.
საღამოს ქალაქი გაჩირაღდნებულია. მაღლობებიდან აუშვებენ შუშხუნებს. გაჩირაღდნებული იქნება მამადავითის მთა. 7 საათზე სახელმწიფო და არტისტული თეატრების აივანზე ხორო და ორკესტრი შეასრულებს რამდენიმე სიმღერას. თეატრებში გაიმართება სადღესასწაულო წარმოდგენები.
პროცესია დაიწყება თავისუფლების მოედნიდან და გაივლის გოლოვინის პროსპექტზე, ოლღას და წყნეთის ქუჩებზე. ყველა ამ ადგილებში შუა ქუჩა უნდა იყოს თავისუფალი, მაყურებელნი უნდა გაჩერდნენ ტროტუარებზე. აქ წესრიგს იცავენ სტუდენტები და მუშების წარმომადგენლები, რომელთაც ექნებათ განსაკუთრებული ნიშნები. ამათ განკარგულებას ემორჩილება მილიციაც.
საპატიო ხელმძღვანელნი არიან დამფუძნებელი კრების წევრები.
ფაქტიურათ დღესასწაულს განაგებს და პროცესიას ხელმძღვანელობს დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია.
დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია