ბაქოში საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრის ფონზე დავით გარეჯში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
ბაქოში უკვე მეორე დღეა საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრა იმართება. პარალელურად კი, აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთების მახლობლად, გზის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ მედიასაშუალებებმა პირველად 23 მაისს მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის მხარეს სამშენებლო ტექნიკა, სამონასტრო კომპლექსის სამიდან ერთ-ერთი სადავო ტერიტორიისკენ – ჩიჩხიტურის ეკლესიისკენ მიმავალ გზას თხრიდა.
ანანიაშვილის თქმით, სამუშაოები უკვე სამი დღეა რაც მიმდინარეობს და ქართველმა მესაზღვრეებმა აღდგომის ტაძარსა და უდაბნოს ქვაბულებთან მისასვლელი გზებიც ჩაკეტეს.
ანანიაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მთის ძირში ორი ბულდოზერი მიწას თხრის. Civil.ge-მ სამშენებლო სამუშაოების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოახერხა, მაგრამ ანანიაშვილის აღწერა და მოგვიანებით ადგილიდან გავრცელებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს, სწორედ სადავო ტერიტორიის მიღმა მიმდინარეობს (სამუშაოების შესაძლო ადგილმდებარეობა იხილეთ აქ).
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც საზღვრის სადელიმიტაციო კომისიაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ხელისუფლება მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა განმარტა, რომ აზერბაიჯანელი კოლეგებისგან დამატებითი განმარტება მაინც მოითხოვეს. „ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან ტერიტორიაზე, რომელიც არის სადავო, გარკვეული სამუშაოების ჩატარება საქართველოს დელეგაციასთან შეუთანხმებლად, რა თქმა უნდა, ვერ განხორციელდება“, – აღნიშნა მან.
საკუთარ შეფასებებში ნაკლებად ფრთხილი იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი. მან ხელისუფლებას განცხადებების გაკეთებისას მეტი ადეკვატურობისკენ მოუწოდა. „ეს არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამგვარი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლთან არ შეიძლება, ეს ვანდალიზმია. მათი [აზერბაიჯანული მხარის] კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ-ნაკრძალი. როგორ შეიძლება მუზეუმ ნაკრძალში ბულდოზერებით კლდეების თხრა“, – განაცხადა მან.
საკითხზე მოკლე კომენტარი 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის განახლება ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ „დემარკაციის პროცესი დაასრულოს ცივილურად, ისე როგორც ეკადრება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას“.
დავით გარეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)