26 მაისი – ახალი საქართველოს დღესასწაული

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 26 მაისი.

26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების წლის თავზე, დემოკრატიული საქართველო პირველად იხდის ეროვნულ დღესასწაულს.

26 მასს საქართველოს დემოკრატია ზეიმით ამცნობს კაცობრიობას, რომ იგი მედგრათ ჩაუდგა სათავეში დემოკრატიული სახელმწიფოს შენობას.

26 მასს ახალი საქართველო პირველად იტყვის საზეიმო სიტყვას.

ძველი, ფეოდალური საქართველოს, როგორც სახელმწიფო ერთეულს, ხშირად ახსოვს საზეიმო დღეები.

26 მაისი არსებითად განსხვავდება ამ დღეებიდან.

ძველი საქართველოს დღესასწაულები არსებითად არ იყო მთელი ერის დღესასწაული. – ის იყო ერთი მუჭა თავად-აზნაურობის და მეფის სახლის დღესასწაული.

ერის  ბურჯი – დემოკრატია მაშინ მონობის უღელში გმინავდა;

თუმცა ის იყო  მებრძოლი, შემქნელი, სახელმწიფოს მაარსებელი, მაგრამ ამავე დროს  იგივე იყო მონა-ყმა, რომლის გაჩუქება-გაყიდვა, წვალება ყველა ბატონს შეეძლო.

მის ცხოვრებაში დღესასწაულებს თავდავიწყების ხალისიც არ  შეჰქონდა.

დემოკრატიისათვის ძველი საქართველო მხოლოდ მხოლოდ მონობის მოგონებაა.

სულ სხვაა მისთვის ახალი დემოკრატიული საქართველო და მისი დღესასწაული.

აქ იგი თვით არის ყველაფერი: მებრძოლიც, შემქნელიც, და ბატონ-პატრონიც.

აქ არ არის მონობა არც უმრავლესობის და არც უმცირესობის.

აქ შეუჩერებელი ბრძოლაა შრომის მეუფების დამკვიდრებისთვის.

აქ თავისუფლებაა, თანასწორობაა – დღესასწაული დემოკრატიული და ამით თავისთავათ ეროვნული, ე.ი. დღესასწაული მთელი ერის.

მართალია, მძიმეა თანამედროვე პირობები, ისინი ოდნავ ჩრდილავენ დღესასწაულის ელფერს. ყოველმხრივ ბრძოლაში ჩაბმულმა დემოკრატიამ ამ მცირე ხნის განმავლობაში ვერ მოასწრო საბოლოოთ მოწყობა, მაგრამ სამაგიეროთ ახლოს არის იმედის ვარსკვლავი:

დემოკრატია თავისის დამფუძნებელი კრების საშუალებით იმუშავებს დემოკრატიულ კანონებს, რომლებიც წესს დაამკვიდრებენ ჩვენში.

იშვიათად მოსწრებია ასეთი ბედნიერება რომელიმე ხალხს.

ეს უდიდესი გამარჯვებაა, ეს საძირკველია მომავალი ცხოვრების.

26 მაისიც უკვდავია იმით, რომ საქართველოს დემოკრატია ასეთი შეგნებით გამოდის ამ დღის სადღესასწაულოთ.

ღრმათ დარწმუნებული შეგვიძლია ვთქვათ: ამიერიდან შეუძლებელია დემოკრატიული საქართველოს დაცემა.

ამის უტყუარი თავდებია საქართველოს ლომგული დემოკრატია!

რაკი საქართველოს რესპუბლიკის სადავე ხელ აიღო უკვდავმა ძალამ და მას გულში ალოლიავებს, მისი არსებობაც უზრუნველყოფილია.

ის დემოკრატია, რომელიც ტონს აძლევდა ვეებერთელა რუსეთის ბრძოლას, რომელიც ცნობილია დასახულ იდეალისათვის შეუპოვარ ბრძოლით, რომლიც ყოველი ნაბიჯი საღი და გონიერია, ადვილათ არ დაუთმოს ერთხელ აღებულ გეზს.

მას ძალით ვერავინ  გამოგლეჯს ხელიდან მის სისხლით განბანილ ახალ დემოკრატიულ საქართველოს.

და ვინც აიღებს ხელს მის წინააღმდეგ, იგი ჩვეულებრივ იგემებს მის რისხვას.

26 მაისიც უკვდავი იქნება, ის არ ემსგავსება სხვა დღესასწაულებს, რომელთა მნიშვნელობა თვეების გასვლის შემდეგ მოკვდება.

მოკვდება ისე, რომ მათი მოგონებაც დამაღონებელია.

საქართველოს დემოკრატია 26 მაისს პირველად გადაიხდის თავის სახალხო დღესასწაულს.

და იცოცხლებს განახლებული საქართველო, გაიფურჩქნება, გაიზრდება, მოეფინება მას ევროპის მაღალი კულტურაც, განმტკიცდება მასში:

ძმობა,

ერთობა,

თავისუფლება!

გაცხოველდება მასში მუშაობა უფრო დიდებული დღის მოახლოებისათვის: ეს იქნება ის ბედნიერი დღე, როცა რავოლუციონურ ბრძოლაში გამობრძმედილი საქართველოს მუშათა კლასი საკუთარ დროშით მსოფლიოს მუშათა კლასთან ერთად მიადგება სოციალიზმის კარებს!…

26 მაისი დასაწყისია ახალი საქართველოს დღესასწულების.

საქართველო იხარებს, იცოცხლებს სულ

Vivat Georgia!

არ. ფანცულაია