თავდაცვის მინისტრის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას სიტყვა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 101 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:
„თქვენო უწმინდესობავ,
ქალბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე,
მთავრობის წევრებო,
პარლამენტის წევრებო,
ძვირფასო სტუმრებო,
განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,
მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი ქართველი ერის თავისუფლების სიმბოლოა. ქართული სიტყვა – თავისუფალი უნიკალურია მსოფლიოში, ქართველმა ამ სიტყვაში საკთარი იდენტობის ორი საწყისი – თავის ანუ ინდივიდის და უფლის ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა. ეს ქრისტიანული იდენტობაა, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი ღმერთმა თავის მსგავსად, თავის ხატად შექმნა და მისი ღირსება ხელშეუხებელ, ღვთაებრივ განზომილებაში აიყვანა. ქართველისთვის თავისუფლების დაცვა ისტორიულად ღირსების დაცვას ნიშნავს. მძიმე ქარტეხილების მიუხედავად, ამ რწმენამ დღემდე მოგვიყვანა.
თავისუფლებას ყოველ ისტორიულ ეპოქაში დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თანამედროვე სამყაროში, საერთო კულტურულ ღირებულებათა საფუძველზე გაერთიანებულმა ერებმა მშვიდობიანი და თავისუფალი განვითარება მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნით შეძლეს.
გლობალური გამოწვევების ფონზე, თავისუფლების დაცვა, დღეს, როგორც არასდროს თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს საერთო ძალისხმევას საჭიროებს. ევორკავშირში და ნატოში გაწევრიანების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი იდენტობის, თავისუფლებისა და ღირსების დაცვაა. ჩვენი სანიმუშო პარტნიორობა კი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, თავისუფლების დასაცავად საერთო ძალისხმევის განმტიკცებას ემსახურება.
რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, თავისუფლებისკენ ჩვენი სწრაფვა ურყევია. მადლობა ჩვენს მეგობრებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად ყოველდღიურად გვაძლიერებს.
ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელების წინაშე. განსაკუთრებული მადლობა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, ვეტერანებს, ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, რომლებიც სიმამაცითა და პროფესიონალიზმით მსოფლიოში გვასახელებენ.
ვულოცავ წვევამდელებს ფიცის დადებას და წარმატებებს ვუსურვებ ყველაზე საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“