საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა
26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 101 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო ღონისძებები დედაქალაქის პარალელრად, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა.
დღის მთავარი ღონისძიება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დღის 12 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ღონისძიებაში ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის პირველი ქვეითი დივიზიის პირველი ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობაც მონაწილეობდა.
დღესვე, ღონისძებაზე რამდენიმე ასეულმა რეკრუტმა და ახალწვეულმა თბილისში, ზუგდიდში, მრავალძალში (რაჭა) უფლისციხეში (შიდა ქართლი), ანანურსა (არაგვის ხეობა) და გრემში (კახეთში) სამხედრო ფიცი ერთდროულად დადო. ფიცის დადების ცერემონიალს საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
ფიცის დადების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირკალი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართეს. ამის შემდეგ, შეკრებულები პარლამენტის წინ მიმდინარე სხვადასხვა თემატურ ღონისძებებს შეუერთდნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკაც. საღამოს 17 საათსა და 10 წუთზე კი, ერთდროულად ყველგან საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.
დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია ბათუმში. აქ საზეიმო ღონიესძიებებში მონაწილეობის მისაღებად, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან ჩამოსული ანსამბლის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ფესტივალ „ოქროს დელფინში“ მონაწილეობდნენ. მათ ხელში რუსეთის დროშები ეჭირათ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
ფესტივალის ორგანიზატორი უწყების ხელმძღვანელმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა განაცხადა, რომ ეს საბავშვო ფესტივალი იყო და მას პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა.
„აქ რუსული დროშა ნამდვილად არ ფრიალებს, ეს არის ბავშვთა ფესტივალი რომელიც არის ტრადიციული და მე მგონი სცილდება ყოველგვარ პოლიტიკურ კონტექსტს“, – განაცხადა მან. ამის შემდეგ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს დიდ ქალაქებში გალა-კონცერტებით დასრულდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)