დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მორიგი აქცია გაიმართა
28 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აღდგომის მონასტერთან, მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის სასულიერო პირებმა, მათმა მრევლმა, რიგითმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სოციალური ქსელებისა და აზერბაიჯანული ვებგვერდების მეშვეობით გავრცელდა ცნობა, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის მონასტერთან ჩასვლას და აქციის გამართვას გეგმავდნენ.
ეს ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არ დაადასტურეს და განმარტეს, რომ მათი ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან რაიმე მსვლელობისა და აქციის გამართვა არ იგეგმებოდა. დღეს დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარიდან მართლაც არავინ გამოჩენილა.
„გარეჯი არის საქართველო“
აქციის მონაწილეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძრის სიახლოვეს შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს დროშა აღმართეს, პარაკლისი გადაიხადეს და შემდეგ მსვლელობით, ჩიჩხიტურის მონასტრისკენ გაემართნენ.
მათი თქმით, მსვლელობა „არავის წინააღმდეგ არაა მიმართული“ და მათ მშვიდობიანი პროტესტით იმის ხაზგასმა სურდათ, რომ „დავით გარეჯი საქართველოა“.
„ჩვენს სამშობლოში მოვედით და ვლოცულობთ, არავის საწინააღმდეგოდ მიმართული ეს არ არის… ჩვენი თავი და ჩვენი სამშობლო ჩვენ უნდა გვეკუთნოდეს, ეს არის ჩვენი გულისტკივილი და მეტი არაფერი. არ გვინდა, რომ კიდევ რაღაც დაიკარგოს, თუნდაც ერთი გოჯი მიწა“, – განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებლის, დავით ქაცარავას განმარტებით კი, რომელიც დღევანდელ აქციაში მონაწილეობდა, „ასეთი ტიპის აქტივობა, რომელიც ჩატარდა დღეს და პერმანენტულად ტარდებოდა ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას და აზერბაიჯანელ მეგობრებს უგზავნიდა გზავნილს, რომ არავითარი დათმობა არ უნდა მოხდეს, რომელიც არის ჩვენი ტერიტორიული კუთვნილება და ჩვენი მემკვიდრეობა… ჩვენი ნება არის ის, რომ გარეჯი არის საქართველო“.
საგარეო სამინისტრო სიმშვიდისკენ მოუწოდებს
დავით გარეჯთან მიმართებით, საზოგადოებას სიმშვიდისკენ და ემოციური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანის განმარტებით, „აუცილებელია, რომ მოლაპარაკებების პროცესში, მაშინ, როდესაც კომისია მუშაობს, იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს-კვო იცვლება. აუცილებელია, რომ არ მოხდეს ინტერპრეტაციები. მიღწეულია შედეგი, რომ იქ შეჩერებულია ყოველგვარი მუშაობა“.
საგარეო მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, რომელიც საქართველოს მხრიდან საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მუშაობა მშვიდ ვითარებაში უნდა გაგრძელდეს,
“საქართველოს და აზერბაიჯანს საჩხუბარი არაფერი აქვთ არცერთ საკითხზე. შესაძლებელია და ორივე ქვეყნის მოტივაციაა, რომ ჩვენ მშვიდ ვითარებაში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნის საზოგადოებებისთვის ხელსაყრელი და მისაღებია,” ამბობს დარსალია.
სპატრიარქის განცხადება
დავით გარეჯთან დაკავშირებით, გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ
„დავით გარეჯის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ (…) აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ დასაყრდენს პოულობს, როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში“.
„მივმართავთ, ყველას ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. აუცილებელია, გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავით გარეჯთან განვითარებული მოვლენების პარალელურად, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ზოგიერთ ეკლესიაში მღვდლები მრევლს ამბიონიდან „საერთო გამოღვიძებისაკენ“ მოუწოდებდნენ და გარეჯის საკითხზე მთავრობას მკვეთრად აკრიტიკებდნენ.
წინაისტორია
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს.
მონასტრამდე მისასვლელი გზა, ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა. თუმცა, აქტივისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადგილზე საპროტესტო აქცია მაინც გამართეს და სადავო მონაკვეთზე საქართველოს უფლებას გაუსვეს ხაზი.
მომხდარის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის განახლებული სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად 14 მაისს შეიკრიბა. ორ ქვეყანას შორის საზღვრის სადელიმიტაციო საკითხებზე კომისიამ კიდევ ერთხელ 23-24 მაისს ბაქოში იმსჯელა. კომისიის მომდევნო სხდომა თბილიში გაიმართება.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 2/3 შეთანხმებულია. შეუთანხმებელია საზღვრის 1/3, სწორედ ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)