ევროპული ტახტების თამაშები
საარჩევნო ურნებს ჯერ კიდევ ბიულეტენების ტიპოგრაფიული საღებავის მიმზიდველი სუნი არ გასვლოდა, რომ ბრიუსელში ევროკომისრის პორტფელებისათვის ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა.
ბრძოლა ორ ფრონტზე მიდის: ერთის მხრივ, ევროპული პარტიები ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნისა და ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტისთვის ეცილებიან.
მეორეს მხრივ კი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და პარლამენტი ებრძვიან ერთმანეთს ევროკომისიაზე გავლენის მოსაპოვებლად.
ვინ შეკაზმავს ცხენს
ევროპაში ამ ორშაბათს მშვიდობიანი დილა გათენდა. ამომრჩევლების მონაწილეობა არჩევნებში სარეკორდო იყო და უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად ასცდა 50%-ს.
ძველზე უფრო დამაჯერებელი მანდატით აღჭურვილ დეპუტატებს თამამად შეუძლიათ შეუტიონ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების თავყრილობას – ანუ ევროპულ საბჭოს (European Council) – ევროკომისიის თავმჯდომარის, ანუ ევროპის მთავარი აღმასრულებელი პირის დასახელების უპირატესი უფლება ჩვენ გვეკუთვნისო.
ლისაბონის ხელშეკრულება, კონსტიტუციის მაგიერი დოკუმენტი ევროკავშირისათვის, ამბობს, რომ ევროკომისიის თავმჯდომარეს (პრეზიდენტს) ევროპარლამენტი ამტკიცებს. თუმცა, მის კანდიდატურას ევროპული საბჭოს – ანუ ევროპელი ლიდერების კრებულის – მხარდაჭერა სჭირდება.
კერძოდ რა პროცედურით უნდა მიაღწიონ პარლამენტმა და საბჭომ თანხმობას, გაწერილი არაა. ასეთია ევროპული ინსტიტუტების რეალობა – ის პოლიტიკოსებს კომპრომისებისაკენ უბიძგებს.
იყო დრო, დიდი ევროპული ქვეყნების ლიდერები ორი უდიდესი ევროპული პარტიული ალიანსიდან ერთ-ერთს ეკუთვნოდნენ – ან მემარჯვენე ცენტრისტ ევროპის სახალხო პარტიას (EPP), ანდა სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს (S&D). ევროკომისიის პრეზიდენტის საკითხი “შინაურულად” გვარდებოდა.
მაგრამ დრონი მეფობენო…
გიგანტების დაისი
ევროპული პოლიტიკის ორი გიგანტი დიდი ხანია ტორტმანებს, მაგრამ ეს არჩევნები მათი ბატონობის საბოლოო დაისს მოასწავებს.
წინა პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატის მქონე პარტია, EPP, 216-დან 179 ხმოსნამდე დაეშვა, S&D: 187-დან 150-მდე.
სამაგიეროდ, ცენტრისტული ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის (Emmanuel Macron) და ჰოლანდიის პრემიერის, მარკ რუტტეს (Mark Rutte) პარტიების წყალობით მესამე ადგილზე გავიდა 108 მანდატით, ხოლო მწვანეებმა საგრძნობლად გაიუმჯობესეს შედეგი და 68 მანდატი აიღეს.
ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა წარმატება კი მოიპოვეს, მაგრამ არც ისე დიდი – მათ დაახლოებით 115 მანდატი ექნებათ, მაგრამ მრავალ ჯგუფად არიან დაყოფილი და ჯერაც არაა ნათელი, შეძლებენ თუ არა ერთ პოზიციაზე დგომას.
ლიდერების თამაშები – საბრალო ვებერ
არჩევნების დაწყებამდე ყოველი ევრკოკომისიის თავმჯდომარეობისათვის წამყვან კანდიდატს (Spitzenkandidat – როგორც ამას ევროპარლამენტში უწოდებენ) ასახელებს. EPP-ს შეგულებული წამყვანი კანდიდატი გერმანელი მანფრედ ვებერი (Manfred Weber) იყო და სწორედ მას უდგას ახლა მძიმე დღეები.
ერთი მხრივ, ვებერს კონკურენტები ავიწროვებენ.
მისი ალიანსს, EPP-ს უმრავლესობა არა აქვს. 751 წევრიან ევროპარლამენტში სოციალისტების 29-ხმიანი ჩამორჩენა დიდს არაფერს ნიშნავს. S&D-ს ლიდერი ფრანს ტიმერმანსიც (Frans Timmermans) ჩაუჯდება ევროპელი ლიდერების და პარლამენტარების ტელეფონებს, რომ შეეცადოს მისი მხარდამჭერი უმრავლესობა შეკრას. წარმატებით გულმოცემული მწვანეებიც ცდილობენ მომავალი უმრავლესობის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ.
კვირა საღამოს ვებერი იხტიბარს არ იტეხდა. “როგორც პარლამენტში უდიდესი წარმომადგენლობის პარტიას, ლიდერობის უფლება ჩვენა გვაქვსო” აცხადებდა ის და გერმანიის კონსერვატორი ქრისტიან-დემოკრატებიც ხმამაღლა უჭერდნენ მხარს.
აი, აქ კი სამივე ალიანსი მეორე პრობლემას – ევროპული საბჭოს ამბიციებს ეჩეხება, რომელთა გამტარებლადაც ALDE გვევლინება.
პრეზიდენტ მაკრონს „წამყვანი კანდიდატების“ სისტემა გულზე სულაც არ ეხატება. მას, ისევე, როგორც სხვა არჩეულ ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის დასახელების უპირატესი უფლება აქვთ.
შესაბამისად ALDE-მ ორშაბათ დილასვე ჩაჰბერა სასტვენს: “ამ წუთისათვის, ევროპარლამენტში უმრავლესობა არც ერთ კანდიდატს არა აქვსო,” განაცხადა ალიანსმა, “მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ მოხდეს დემოკრატიულად არჩეული ლიდერების [ანუ ევროპული საბჭოს – რედ.] გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღება, რაც ფრიად დააზარალებს ევროპული დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასო”.
მაკრონის პარტიის პრესტიჟით ზურგგამაგრებული ALDE-ს ლიდერი, გი ვერჰოფსტადტი (Guy Verhofstadt) ამ “დაშიფრული დეპეშით” მიუთითებს, ვებერს წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდესო.
ALDE ცდილობს, უმრავლესობის კოალიციის ნაწილი გახდეს და ამაყად აცხადებს “პრო-ევროპული უმრავლესობის შეკვრა ALDE-ს ოჯახის და სხვა რეფორმისტული პარტიების შექმნილი ცენტრისტული ჯგუფის გარეშე შეუძლებელიაო.” ამბიციური განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკუთარ ქვეყნებში ვერც მაკრონი გავიდა პირველ ადგილზე და ვერც რუტტე, თუმცა მათ მყარად უჭირავთ ადგილი ევროპული საბჭოს მაგიდასთან.
რა დილა თენდება…
მიმდინარე კვირის განმავლობაში გაირკვევა, შეძლებენ მოტეხილი გიგანტები “პარტიული ლიდერების ზეობის” სისტემის შენარჩუნებას, თუ მაკრონი თავისას მიაღწევს და ვებერის კანდიდატურის დამიწებით ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაში ევროპულ საბჭოს გააბატონებს.
სამშაბათისთვის, ვებერი მოტეხილი ჩანდა: “EPP დიად გამარჯვებას ვერ დაიკვეხნისო” ამბობდა, ხოლო ამავე პარტიის კამპანიის ხელმძღვანელი დარა მეფი (Dara Murphy) აცხადებდა “მოლაპარაკებებს მოკრძალებულად, მაგრამ საკუთარი ძალების რწმენით” ვიწყებთ, თუმცა ევროკომისიის თავმჯდომარეობაზე კვლავაც პრეტენზიას ვაცხადებთო.
ფრანს ტიმერმანსი, სოციალისტების წამყვანი კანდიდატი, კვლავაც ცდილობდა ვებერი ჩაეწიხლა და თავისი კანდიდატურისთვის უმრავლესობა შეეკოწიწებინა, ოღონდ ისე, რომ ევროპარლამენტს კომისიის თავმჯდომარის არჩევაში წამყვანი როლი შერჩენოდა.
ევროპარლამენტის დამცველებად გამოვიდნენ მწვანეებიც. მათ ამ არჩევნებში წარსულთან შედარებით 15-ით მეტი მანდატი აიღეს და ამბობენ “რეალური მოთამაშე” გვინდა გავხდეთო. პარტიის თანათავმჯდომარის, რეინჰარდ ბიუტიკოფერის (Reinhard Bütikofer) თქმით “ჩვენ გვინდა დავიცვათ ევროკავშირი ულტრამემარჯვენეებისაგან, რაშიც ევროპარლამენტს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება…. წამყვანი კანდიდატების სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპარლამენტის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავს და ამიტომაც გვძაგსო” – აცხადებს ის.
პარლამენტის უმრავლესობა 376 დეპუტატია, EPP, S&D და მწვანეებს ერთად 393 მანდატი აქვთ და თუ კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, შეიძლება ხუთი წლით არა, მაგრამ დროებით მაინც დაიბევონ მოახერხონ ევროკომისიის თავმჯდომარის ადგილი – თუნდაც ALDE-ს მხარდაჭერის გარეშე.
სწორედ ამ სამი პარტიის სახელით შეუთვალა წარმავალი ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, ანტონიო ტაიანიმ (Antonio Tajani) ევროვროკავშირის ლიდერებს – პარლამენტი ევროკომიის თავმჯდომარის შერჩევაში სტატისტის როლით არ დაკმაყოფილდებაო.
თუმცა, ბოლო წუთს ვებერს ფეხი დაუცდა – ორშაბათს ევროპარლამენტის გაძლიერების მომხრე სხვა პარტიის ლიდერები სადილზე დაპატიჟა, მაგრამ იქ მისვლა ხომ ვებერის ევროკომისიის პრეზიდენტობაზე დათანხმებას ნიშნავდა? სადილზე არავინ მივიდა და დარჩა ვებერი ხახამშრალი…
მაკრონის გამბიტი
ვებერისაგან განსხვავებით, როცა ემანუელ მაკრონი ხალხს სადილზე პატიჟებს, ისინი უარით არ ისტუმრებენ. ორშაბათსვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერს, ევროპელი სოციალისტების ამომავალ ვარსკვლავს, პედრო სანჩესს (Pedro Sánchez) უმასპინძლა. მიმომხილველები ამბობენ, ორმა ლიდერმა ვებერის (და პარლამენტის) წინააღმდეგ ლიბერალ-სოციალისტური ფრონტის შეკვრაზე ისაუბრესო.
თუმცა სანჩესი პოლიტიკურ თამაშებში გაწაფული ჩანს და პარიზიდან მსწრაფლ ბერლინს გაქუსლა, სადაც კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება, ემანდ ეგებ მას მეტი გამოვტყუოო. როგორც გვახსოვს, მერკელი და მისი პარტია სწორედ ვებერს უჭერს მხარს – ჯერ ერთი იმიტომ, რომ EPP-ს კანდიდატია და მეორეც – გერმანელია.
ევროპელ ლიდერებს ამ დღეებში შეხვედრების, სადილებისა და ვახშმების დატვირთული გრაფიკი ელით, სადაც შეეცდებიან თუ ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე არა, ამ პოზიციაზე წარსადგენი კანდიდატურისათვის სასურველი კვალიფიკაციების აღწერაზე მაინც შეთანხმდნენ. თუ ამ კვალიფიკაციებს შორის „აღმასრულებელ პოსტებზე მუშაობის გამოცდილება“ მოხვდა, ესე იგი ვებერს შანსები აღარ აქვს.
კანცლერ მერკელს ეს ყველაფერი აღიზიანებს. პარტიული ლიდერის როლში ყოფნა მას არ უყვარს და არც მაკრონთან ამ თემაზე დაპირისპირება სურს, მით უფრო, რომ ამ გაუგებრობაში EPP-ს ახალგაზრდა ლიდერების, მათ შორის „აწ გარდასრული“ სებასტიან ქურცის გულმოდგინებით აღმოჩნდა.
„ჩვენ კომისიის პრეზიდენტი გვჭირდება. მის დასანიშნად ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტთან უნდა ითანამშრომლოს,“ განაცხადა მერკელმა ბერლინში ორშაბათს და დაუმატა „წამყვანი კანდიდატების კონცეფციას მხარს ვუჭერთ“, მაგრამ „გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მივიღოთო“. მისი თქმით, სანამ ევროპარლამენტი ივლისში პირველი პლენარული სხდომისთვის შეიკრიბება, ევროპულ საბჭოს უკვე გამოკვეთილი კანდიდატი უნდა ჰყავდეს დასახელებული.
მაკრონის შემტევი სტილი ბევრს აღიზიანებს ბრიუსელში. მათი ხედვით, ფრანგი ლიდერი იგივეს გაკეთებას ცდილობს, რაც სამშობლოში გააკეთა – ხელი მოუთავოს ერთ დროს წამყვან, მაგრამ უკვე გახრწნილ მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებს. ამით მაკრონი ცდილობს ინიციატივა ჩამოართვას ულტრამემარჯვენეებს, მაგრამ EPP-ს ერთ-ერთმა ლიდერმა დაიღრინა, მარინე ლე პენთან დამარცხებული ლიდერისაგან ჩვენ „ლექციებს არ მოვისმენთო“.
ამასობაში, ბრიუსელის კორიდორებში უკვე ჩურჩულებენ, შესაძლოა ფრანგი ლიდერი EPP-ს სხვა წარმომადგენელს, მიშელ ბარნიეს (Michel Barnier) დაყაბულდესო. ALDE-ს ახლადარჩეული დეპუტატის, პასკალ კანფინის (Pascal Canfin) თქმით, კომისიის ახალი პრეზიდენტი „ბევრად უფრო ახლოს უნდა იყოს პარლამენტის ახალ სიმძიმის ცენტრთან, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებაა გადახრილი მარჯვნივ“, ვიდრე ვებერიო.
ჰო, საქმეს არც ის ავნებს, რომ ბარნიე ფრანგია…