26 მაისი, 1919 – დამოუკიდებლობის დღესასწაული ახალციხეში
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 31 მაისი, №118.
ახალციხის მაზრის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ინიციატივით შესდგა 26 მაისის დღესასწაულის მომწყობ კომიტეტი, რომელშიაც მონაწილეობა მიიღო ახალციხეში არსებულ ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ამ დღეს ხალხში გაკვირვებას იწვევდა ის გარემოება, რომ მთელი თვის წვიმიანი დღეები, 26 მაისს ბრწყინვალე მზის სხივებით მოიფინა.
ყველა სავაჭროები დაკეტილია… ეროვნული დროშები ფრიალებს საზოგადო დაწესებულებებზე და კერძო ბინებზე.
ქალაქის ბაღის შესასვლელ კარებში მხატვრულათ არის წარწერა“ – 26 მაისი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას“. ჰყიდიან სადღესასწაულო ნიშნებს. დილის 6 საათზე ჰაეროპლანი უკვე დაფრინავს და ჰფანტავს სადღესასწაულო მოწოდებებს. დილის 10 საათზე დამფუძნებელი კრების წევრი თევდორე კიკვაძე სამაზრო კლუბში კითხულობს ლექციას: „ 26 მაისი და მისი მნიშვნელობა“. ლექციას მრავალი ხალხი ესწრება. ლექციის შემდეგ იმავე შენობაში მოწვეული იყო სოფლებიდან მოსული გვარდიელები 400 კაცამდე. კრების წევრმა კიკვაძემ მათ გააცნო დღევანდელი საერთო მდგომარეობა.
მოხსენების შემდეგ შუა დღის 12 საათზე დარაზმული გვარდიელები შეუერთდენ ქალაქის ბაღთან მოზღვავებულ ხალხს სადაც უნდა გახსნილიყო მიტინგი. ცოტა ხანში მოვიდა ჯარი არტილერიით. 26 მაისის მომწყობ კომიტეტის თავმჯდომარემ ი. ხელაძემ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. დასასრულს, როდესაც დაიძახა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკასო, ხალხმაც ერთხმად იგუგუნა და ზარბაზნების ქუხილმაც ბანი მისცა ხალხის ხმას. ილაპარაკეს სხვა და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
სიტყვების დასასრულს დღის ორის ნახევარზე გენერალმა კვინიტაძემ მიიღო აღლუმი. შემდეგ პროცესია გაემართა ძველი ქალაქის რაბათისაკენ.
დამფუძნებელ კრების წევრმა ოსმან შევყი ეფენდი მიქელაძემ თათრულ-ქართული სიტყვით [თათრულს უწოდებდნენ იმხანად თურქულ ენას – რესპუბლიკა-100-ის რედაქციის შენიშვნა] კარგი შთაბეჭდილება დასტოვა ხალხზე. დღის 4 საათიდან გაიმართა სეირნობა ქალაქის ბაღში, ლატარეია ალგერით და საღამოს საზამთრო კლუბში – წარმოდგენა.
ჯავშნიანი ავტომობილი ყვავილებითა მორთული და გაჩირაღდნებული დადიოდა ღამე ქალაქში.
შემოსავალი და დარჩენილი თანხა გადაიდება მესხეთ-ჯავახეთის დაზარალებულთა სასარგებლოდ.
ი. ყაჭიეიშვილი
This post is also available in: English (ინგლისური)