ცხინვალი არჩევნების წინ გამშვებ პუნქტებს ხურავს 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახურის დღევანდელი განაცხადების მიხედვით, კვირის „საპარლამენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით, დანარჩენ საქართველოსთან არსებული ყველა გამშვები პუნქტი დაიხურება.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პერიოდში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 8 ივნისს დილის 6 საათიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში მოქალაქეებს აღარ გაუშვებენ. გამშვები პუნქტები მუშაობას 11 ივნისს დილის 6 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში გამშვები პუნქტები შემდეგ ხუთ სოფელთან არის განთავსებული: სინაგური (საჩხერის რაიონი), ქარზმანი (საჩხერის რაიონი), ზარდიაანთკარი (გორის რაიონი), ერგნეთი (გორის რაიონი) და ოძისი (მცხეთის რაიონი).

თბილისი, ისევე როგორც ევროკავშირი და ეუთო, ცხინვალის რეგიონის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)