საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორის განცხადება
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 3 ივნისი, N119.
დამფუძნებელი კრების პირველი ივნისის სხდომა
თავმჯდომარეობს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე.
კრება იწყება ნაშუადღევს 1 საათსა და 7 წუთზე.
თავჯდომარე – სხდომა გახსნილი გახლავთ, გთხოვთ დაბრძანდეთ.
დღევანდელი სხდომა სასწრაფო სხდომაა დამფუძნებელი კრებისა. პრეზიდიუმმა ის დანიშნა იმისთვის, რომ დამფუძნებელმა კრებამ მოისმინოს განცხადება რესპუბლიკის მთავრობისა.
პირველი სიტყვა ეკუთვნის საგარეო მინისტრს გეგეჭკორს.
ევგენი გეგეჭკორი – მოქალაქენო, დენიკინის შავი ლაშქარი ჩვენს ქვეყანას ემუქრება, და მე მთავრობის დავალებით მინდა გაგაცნოთ თქვენ ფაქტიური მდგომარეობა ჩვენი რესპუბლიკისა.
თქვენ იცით, რომ მოხალისეთა ჯარმა დაიკავა პეტროვსკი და დერბენტი.
მთიელთა მთავრობამ და პარლამენტმა იარღი დაჰყარა და ამნაირად თითქოს დღესდღეობით დენიკინი მფარველია მთიელთა რესპუბლიკისა; მაგრამ, ნურავინ თქვენგანი ნუ იფიქრებს, რომ მართლაც იქ მოხდა გამარჯვება დენიკინის ძალებისა. ის, რასაც ადგილი ჰქონდა ამ უკანასკნელ დღეებში მთაში ეს იყო შედეგი შავი ღალატისა. გენერალმა ხალილოვმა გასცა თავისი ქვეყანა და ზურგში თავის ხალხს ლახვარი ჩასცა. ის მთავრობა, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ბედ-იღბალი მთისა მოღალატე გამოდგა. და ჩვენ გვაქვს სრული რწმენა, რომ თავისუფლების მოტრფიალე მთა კიდევ შესძლებს შეკრიბოს თავისი ძალები და შესაფერი პასუხი გასცეს შავი რეაქციის მატარებელს გენერალ დენიკინს (ტაში).
ეხლა, დღეს უკვე დენიკინის შავი ლაშქარი ადერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარს მიადგა.
თქვენ იცით მოქალაქენო, როგორია მდგომარეობა მეორე ფრონტზე, იმ ფრონტზე, სადაც ჩვენ პირის-პირ ვდგევართ დენიკინთან. ეს გახლავთ სოჭის ოლქი. იქ უკვე კარგად სჩანს, რომ დენიკინის რაზმი მოქმედებას იწყებს და შესაძლებელია რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ გვექნეს საქმე უკვე მათთან შეტაკებასთან. (კედია: ვინ ავანგარდობს?).
იმავე დროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას აქვს უტყუარი ცნობები, რომ მზადდება ჩვენს წინააღმდეგ კიდევ ახალი ფრონტი. ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ ბათუმში აპირებენ გენერალ გუბერნატორად რომანოვსკის დანიშვნას და მის განკარგულებაში ექნება მცირე რაზმი მოხალისეთა ჯარისა. ასეთია მოქალაქენო საერთო სურათი. თქვენ აქამდე აშკარად დაინახავთ, რომ დენიკინი და რუსეთის რეაქცია ამიერ-კავკასიას და ჩვენ რესპუბლიკას რგოლივით გარს ერტყმის და მას დედამიწის ზურგიდან ალაგმვას უქადის.
მაგრამ, მე თამამად თქვენს წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არავითარ შიშს ჩვენ შორის ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სულმოკლეობას გამოიჩენს ის, მეტს ვიტყვი, მოღალატეთ უნდა მოინათლოს ის, ვინც ამ საპასუხისმგებლო მომენტის დროს მისცემს თავის თავს ნებას, რომ პანიკა, ან სხვა რამე ასეთი, ჩვენს შორის გაავრცელოს, რადგანაც საქმის მდგომარეობა, ძალათა განწყობილება არავის არ აძლევს უფლებას სთქვას, რომ თუ ეს შეტაკება მოხდა გამარჯვება ჩვენ არ დაგვრჩეს.
ჩვენ გვაქვს სრული იმედი ვთქვათ, რომ ამ შეტაკებიდან ქართველი ხალხი, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი რესპუბლიკა გამარჯვებული გამოვა (ტაში).
თქვენ მოქალაქენო, ძალიან კარგად იცით რომ ჩვენ თავს არავის არ ვესხმოდით, ჩვენ თავს არავის არ ვესხმოდით, ჩვენი პოლიტიკა, მისი შინაარსი განიზომებოდა იმით, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ერი ყველანაირ თავდასხმისაგან, ყველანაირ ხიფათისაგან გადაგვერჩინა. მაგრამ თუ ვინმე მოინდომებს ჩვენ უფლების გადალახვას, ჩვენი ხალხის და ერის მოსპობას, უნდა იცოდეს მან, რომ ჩვენში შეხვდება სასტიკი წინააღმდეგობას.
ჩვენი ისტორიული ტრადიცია, ჩვენი დემოკრატიის განვლილი გზა გვაძლევს ჩვენ უფლებას თამამად ვთქვათ, რომ ხალილოვის შავ ღალატს და ხალილოვის ქმედებას აქ ადგილი არ ექნება (ტაში).
ჩენ გვინდოდა, რადგანაც როგორც მე მოგახსენეთ, ჩვენ რუსეთის საქმეებში არ ვერეოდით, ეს სადაო საკითხი, რომელიც ჩვენ შორის იყო, მორიგებით დაგვემთავრებინა. თქვენ იცით თუ რა ნიადაგზე ვაპირებდით ჩვენ მორიგებას: ჩვენ დავიკავეთ ისტორიული ჩვენი საზღვრები და წინ წასვლას არ ვაპირებდით, არავის თავს არ ვესხმოდით, მაგრამ 29 მაისის დენკინის წარმომადგენლთან მოლაპარაკება აშკარად დაგვიმტკიცა ჩვენ, თუ რა ასულდგმულებდა გენერალ დენიკინს, თუ რა აინტერესებდა და რისკენ იყო მიპყრობილი მისი თვალები. ჩვენ უკვე აშკარად დავრწმუნდით მაშინ, რომ აქ საქმე გვაქვს არა სოჭის ოლქზე, არა საზღვრის საკითხებზე, არამედ დენიკინი ფიქრობს მოსპოს მუშათა რევოლუცია, მოსპოს საქართველოს რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატია. რომ მას აინტერესებს თვით საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის ხმალს მხოლოდ მაშინ ჩააგებს, როდესაც ის თავის შავბნელ ძალებს შემოუსევს საქართველოს რესპუბლიკას.
აი კითხვა მოქალაქენო ასე სდგას.
თავის თავად ცხადია, რომ ამის შემდეგ მოლაპარაკებით საქმის დამთავრებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე თავიდანვე მოგახსენებთ თქვენ, რომ ჩვენი მდგომარეობა, ძალთა განწყობილება გვაძლევს ჩვენ უფლებას ვთქვათ, რომ ჩვენ დავმშვიდდებით შეგვიძლია შევხვდეთ იმ ახალ დაბრკოლებას, რომელიც ჩვენ წინმსვლელობის გზაზე გადაგვეღობა.
რა მდგომარეობა არის ეს მდგომარეობა?
თქვენ გახსოვთ მოქალაქენო, რომ ერთი წლის უკან, როდესაც ჩვენი ქვეყანა განსაცდელის წინ იდგა, როდესაც მას შემოესია ოსმალეთის ბრბოები, ის მაშინ დამარცხებული დარჩა. მაგრამ დღეს ჩვენი მდგომარეობა შედარებით იმასთან თუ რა იყო ერთი წლის უკან, გაცილებით უკეთესია. ჩვენი დემოკრატია ბრძოლაში გამოიწვრთნა, გაკაჟდა და ის დღეს უკვე უძლეველ გმირს წარმოადგენს. ჩვენი ხალხი დღეს უკვე შეგნებით იცავს თავის სახელმწიფოს და თავის რესპუბლიკას. თუ შარშან ჩვენ სამოქალაქო ომი შინ გვქონდა, დღეს უკვე ზურგი გამაგრებული გვაქვს. თუ შარშან ჩვენ მოწყვეტილი ვიყავით კულტურულ კაცობრიობას და საერთაშორისო დემოკრატიას, დღეს უკვე მათთან ძაფი გვაქვს. ის რაც დღეს აქ ხდება უკვე საქართველოს მთავრობამ აცნობა ჩვენს დელეგაციას პარიზში.
და ისმება საკითხი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკისა პიშონი უკანასკნელ თავის გამოსვლაში ამართლებდა თავის პოლიტიკას რუსეთის საკითხში, იმით, რომ დენიკინის არმია იბრძვის ბოლშევიზმის და ანარქიის წინააღმდეგ და ამით დიდ სამსახურს უწევს ცივილიზაციას და კულტუროსან ხალხებს, ჩვენ შეგვიძლიან დღეს შევეკითხოთ საგარეო საქმეთა მინისტრს პიშონს ვის ებრძვის ამ შემთხვევაში დენიკინი და კლემანსოსა და ლოიდ ჯორჯის მიერ შეიარაღებული მისი არმია? თუ დეპუტატ ბორელს პიშონი უპასუხებს, რომ დენიკინის შეიარაღებით მოკავშირენი აიარაღებენ იმ ძალას, რომელმაც უნდა დაამხოს ბოლშევიზმი, – ჩვენ არ ვიცით რა პასუხს გასცემს ბორელს პიშონი როდესაც საზოგადოების აზრი გაეცნობა იმ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკამ იქ წარგზავნა, როდესაც იქ გაიგებენ, რომ დღეს ლახვარი დენიკინისა მიმართულია არა ანარქიის წინააღმდეგ , არა ბოლშევიზმის წინააღმდეგ, არამედ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა წინააღმდეგ და საქართველოს ერის წინააღმდეგ.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მთელი დემოკრატია საერთაშორისო, მთელი მოწინავე საზოგადოებრივი აზრი ევროპისა ჩვენ მხარეზე იქნება და ის მხარეს დაუჭერს საქართველოს რესპუბლიკას და ამიერკავკასიის ერებს, და აი ის ძალა, რომელსაც ჩვენ სხვათა შორის შეგვიძლიან დავეყრდნოთ.
მაგრამ, უმთავრესი ძალა, მოქალაქენო, თავის თავად ცხადია, ჩვენ თვით ჩვენში უნდა ვეძიეთ. ჩვენ სრულიად ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი ხალხი როგორც ერთი კაცი ისე იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის მტრის წინააღმდეგ. ჩვენ ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გლეხთა და მუშათა კლასი სასტიკად შეებრძოლება დენიკინს, ვინაიდან დენიკინს მოაქვს აქ ჩვენში შავი რეაქცია, სოციალური და პოლიტიკური რეაქცია, ვინაიდან დენიკინის შემოსვლა უქადის ჩვენ ქვეყანას აოხრებას, და მოსპობას ბრძოლით მონაპოვარ თავისუფლებას. მაგრამ იმავე დროს, ჩვენ შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ამ შებრძლებაში განმარტოებული არ სდგას. ჩვენ უკვე გვაქვს უტყუარი საბუთი იმისა, რომ ადერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთან ერთად არის (ტაში! ესალმებიან ადერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენელს ჯაფაროვს). ჩვენი ცნობებით მათ უკვე წარგზავნეს თავისი ჯარები საზღვარზე, რომლებიც ადერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებს მედგრად დაიცავენ (ტაში).
ასე, რომ მოქალაქენო, მე უნდა ვსთქვა, რომ საშიშროება დენიკინში და მის ლაშქარში არ არის. თქვენ ყველანი კარგად უწყით თუ რას წარმოადგენს ეს ლაშქარი, ის ბრბოები, რომელთაც არავითარი საერთო ლოზუნგი, არავითარი საერთო წმინდა საქმე არ აერთიანებს, არ ასულდგმულებს. თქვენ იცით, რომ ეს ბრბოები გარბის პირველ შემთხვევისთანავე და ის სასტიკ წინააღმდეგობას ხედავს თავის მსვლელობაში.
საშიშროება მოქალაქენო თვით ჩვენშია. თუ ისტორია გამეორდება ჩვენდა საუბედუროდ, თუ უკვე ექმნა ამიერკავკასიის ისტორიაში ადგილი იმ ფაქტს, რომელსაც, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი ერთი წლის თუ კიდევ ჩვენ შორის დაიწყო ლაპარაკი ნეიტრალობაზე და იმაზე, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვებრძვით საერთო მტერს, – აი, მოქალაქენო, აქ არის ხიფათი, აქ არის საშიშროება.
მაგრამ, ჩვენ გწამს, მოქალაქენო, რომ მწარე გამოცდილება, რომელიც მოგვცა შარშანდელმა ისტორიამ, ჭკუას ასწავლის ყველას და თუ რეალობა დღევანდელი მომენტისა ვერ შეიგნო პასუხისმგებელმა ჯგუფმა ზოგიერთ ამიერკავკასიის ხალხისა, – დეე ისტორიის წინაშე მათ აგონ პასუხი, დეე ყველამ დაინახოს ვინ მოუწოდებს ამიერკავკასიის ერთა სოლიდარულ ბრძოლისაკენ და საერთო საქმის გაკეთებისკენ.
ჩვენ მოქალაქენო, ჯერ კიდევ არ გვაქვს ამის საბუთი, რომ თქვენს წინაშე განვაცხადოთ, რომ ეს ერთიანობა ჩვენს შორის არ არის. ჩვენ მხოლოდ სამწუხაროდ დღევანდელ დროისთვის ეჭვს გამოვთქვამთ და იმედი გვაქვს, რომე ს ეჭვი გამართლდება.
მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა განვაცხადოთ აქ, თქვენ წინაშე, რომ თუ ამ ბრძოლაში საქართველოდ ა აზერბაიჯანი მარტოდ დარჩნენ – მაინც გამარჯვება ჩვენსკენ არის! (ტაში).
რადგან ჩვენ ვიცავთ წმინდა საქმეს, რადგანაც ჩვენ ვემსახურებით დიად მიზანს, ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას პატარა ერებისას. თუ ყველა ჩვენგანი გაიმსჭვალება ამ აზრით, თუ ყველა ჩვენგანი შესძლებს თავისი წვლილი შეიტანოს ამ დიადი საქმის სამსახურში, ჩვენ ვართ დარწუნებული, რომ გამარჯვება ამ უკანასკნელ შებრძოლებაში ჩვენ კარებზე იქნება. ამნაირად, მოქალაქენო, მე მინდა ჩემი მოკლე განცხადება დავამთავრო შემდეგით: თქვენ ხედავთ, რომ მომენტი მართლაცდა ფრიად საპასუხისმგებლოა, თქვენ ხედავთ, რომ რუსეთის რეაქცია სცდილობს ლახვარი ჩასცეს ამიერ-კავკასიას და კერძოთ საქართველოს.
თქვენ ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში განსაცდელი, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე სდგას თითქმის ბევრად უარესია იმ განსაცდელისა, რომელიც ჩვენ ერთი წლის უკან გამოვიარეთ.
თქვენ იცით, რომ დენიკინის აქ შემოსვლა ეს იქნებოდა მთელი ჩვენი ერის ფიზიკურად განადგურება. თქვენ იცით, რომ დენიკინი აქ შემოდის არა როგორც დამპყრობელი ძალა, არამედ როგორც შურის მაძიებელი და ის სასტიკ შურს იძიებს, მაგრამ, თუ კი ჩვენი ხალხი რაშიაც ჩვენ ეჭვი არ გვაქვს, სხვა ერებთან ერთად შემოკრებს თავის ძალას თავის ნაცადი დროშის ირგვლივ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დენიკინი და მისი ლაშქარი ამიერკავკასიის საზღვრებს ვერ იხილავს და საქართველოს რესპუბლიკა მაღალ ააფრიალებს თავისუფლების და თავის სახელმწიფოებრივ დროშას (ხანგრძლივი ტაში)!