წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 281.1 მლნ აშშ დოლარი იყო
„საქსტატის“ მიერ 10 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 6.3 %-ით ნაკლებია.
„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 139.8 მილიონი აშშ დოლარი – კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სფერომ მიიღო. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 42.7 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტის სფერო – 28.6 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 25.4 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 21 მლნ აშშ დოლარი; კავშირგაბმულობა – 10.2 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 8.4 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 8.3 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა და თევზჭერა – 3.4 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვის სფერო – 0.8 მლნ აშშ დოლარი.
2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 133.2 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ ირლანდიიდან მოიზიდა. მას მოჰყვება გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში დარეგისტრირებული კომპანიები – 42.4 მლნ, 22.5 მლნ და 18.2 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის პანამა – 16.7 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 15.4 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 14.4 მლნ აშშ დოლარი და დანია – 11 მლნ აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)