საქართველოს პროპორციული საარჩევნო სისტემა სჭირდება
სამართლიანი საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის: თანასწორობა, დემოკრატია და სტაბილურობა
საარჩევნო სისტემა განსაზღვრავს მექანიზმს, რომელმაც უნდა დააბალანსოს პირდაპირ დემოკრატიაზე უარის თქმით გამოწვეული ნეგატიური შედეგები: მოქალაქეების დისტანცირება საერთოზე ზრუნვის საქმიდან და სხვადასხვა ტიპის ძალაუფლების მქონეთა მიერ სახელმწიფოს მიტაცების რისკი.
საარჩევნო სისტემა განსაზღვრავს, რა ლოგიკით გარდაისახება ჩვენი ხმები მანდატებში. რომ გავამარტივოთ, ორი ძირითადი ლოგიკა არსებობს: მაჟორიტარული და პროპორციული.
ხშირად არასწორად მიიჩნევენ, რომ მათ შორის განმასხვავებელი ისაა, პარტიას აძლევ ხმას, თუ ინდივიდს. სინამდვილეში, დიფერენციაციის კრიტერიუმი სხვაა.
ეს სისტემა იმ მოქალაქეების ხმებს სათვალავში არ აგდებს, რომელთაც მხარდაჭერა არჩენებში მეორე და შემდეგ ადგილებზე გასული კანდიდატების სასარგებლოდ გამოხატეს. შედეგად, ეს ადამიანები და მათი ინტერესები წარმომადგენლის გარეშე რჩებიან და ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში მათი ინტერესები აღარ ჟღერს.
საქართველოს პარლამენტი 2020 წლისთვის კვლავ შერეული წესით აირჩევა. მასში 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ არგუმენტებს, რომელიც, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, აჩვენებს, რომ
არგუმენტი პირველი: დემოკრატია და თანასწორობა
ნათელია, რომ მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა. ის მხოლოდ ყველაზე ძლიერებს აძლევს შანსს, მოხვდეს წარმომადგენლობით ორგანოში, ხოლო შედარებით სუსტი ჯგუფების პოლიტიკურ ხმას ახშობს.
მაჟორიტარული სისტემა გზას უღობავს შედარებით სუსტ, მაგრამ ავთენტური მხარდაჭერის მქონე ჯგუფებს. ის გამორიცხავს პლურალიზმს და პოლიტიკა ორი-სამი ძლიერი, თუმცა კონიუქტურული ჯგუფის თამაშამდე დაყავს.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისში, მთელს მსოფლიოშიც და საქართველოშიც, პოპულარობას იხვეჭს პროპორციული არჩევნების იდეა. მაჟორიტარული კი განიხილება როგორც მმართველი ჯგუფების ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმი.
გასული საუკუნის დასაწყისამდე პარლამენტებში დიდი ფინანსური რესურსების მქონე სოციალური ფენის ინტერესების გამომხატველი პარტიები დომინირებდნენ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მათთვის ხელსაყრელი გახლდათ. პროპორციული წარმომადგენლობის იდეა კი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფების ინტერესების გამომხატველი პარტიების უმრავლესობის პლატფორმის ნაწილი იყო.
ამ ფონზე, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა სოციალ-დემოკრატებმა შეგნებული არჩევანი პროპორციული სისტემის სასარგებლოდ გააკეთეს, როგორც მექანიზმზე, რომელიც კარგად უზრუნველყოფს ამომრჩევლის განწყობების ასახვას არჩევნების შედეგებში. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან პროპორციულობის დემოკრატიული იდეა, მაჟორიტარიზმისგან განსხვავებით, პოლიტიკურ თანასწორობას ემსახურება.
არგუმენტი მეორე: შერეული სისტემის მანკიერება
მაჟორიტარული და პროპორციული სისტემები სხვადასხვაგვარ პარტიულ სისტემას მოითხოვს. სხვადასხვაგვარია კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და წინასაარჩევნო კამპანია, ისევე როგორც პარტიული შტაბის მოწყობის ლოგიკა და პრიორიტეტები.
როდესაც პარტიებს მაჟორიტარულსა და პროპორციულ არჩევნებზე პარალელურად უწევთ გასვლა, ეს მათგან ორმაგი ფინანსური და ადამიანური რესურსის ხარჯვას მოითხოვს. ამიტომ პარტიების უდიდეს უმრავლესობას არჩევანის გაკეთება უწევთ.
მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი პროპორციულ არჩევნებს სახავენ პრიორიტეტად, რაც ხშირ შემთხვევებში სახელისუფლებო პარტიისთვის არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილს იოლ გასეირნებად აქცევს.
ფაქტობრივად გამოდის, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არჩევნები პარლამენტის პროპორციულ ნაწილზე ტარდება, მაჟორიტარული 73 მანდატი კი ხელისუფლებას წინდაწინვე აქვს დაბევებული.
წლების განმავლობაში სწორედ ეს ფაქტორი უზრუნველყოფდა უკონტროლო კონსტიტუციურ უმრავლესობას საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ საზოგადოების უკმაყოფილება პიკს არ მიაღწევდა.
წლების განმავლობაში ნაგროვები ნეგატიური განწყობა ერთიანად ამოხეთქავს ხოლმე და ხან ქუჩის (2003 წელი), ხან კიდევ საარჩევნო ურნებთან რევოლუციის (2012 წელი) ფორმას იღებს. შედეგად, მმართველი პარტია ერთიანად კარგავს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში.
არგუმენტი მესამე: სტაბილურობა
ზოგჯერ, ელექტორალური მხარდაჭერის ზღვარზე მყოფი ხელისუფლებები, ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩევლის ნების კონტროლის მექანიზმების გამოყენებით, ისევე როგორც ფინანსებით, გარკვეული პერიოდი ახერხებენ მაჟორიტარული ოლქების მოგებას და ინარჩუნებენ უმრავლესობას. ეს ვითარება სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
ადრე თუ გვიან, ყველა ხელისუფლება გადალახავს არაპოპულარობის იმ ზღვარს, რომლის იქეთაც მანიპულაციები არჩევნებში გასამარჯვებლად აღარ ეყოფა.
ამ შემთხვევაში ეს ძალა აგებს მაჟორიტარულ ოლქებს, რაც ნიშნავს, რომ აგებს ყველაფერს, რადგან ამჯერად ყოფილ ოპოზიციას, როგორც გამარჯვებულს, მიაქვს ყველაფერი.
ამგვარად, იკვრება მანკიერი წრე: ახლა ყოფილი ხელისუფლება ექცევა არაპროპორციულ უმცირესობაში და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვეღარ ახდენს.
პროპორციული არჩევნების პირობებში, წაგებული ძალა ნაკლებ მანდატს დაკარგავდა, ახალი ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად დარჩებოდა და შეცვლილ მთავრობას რადიკალური ცვლილებების განხორციელებისათვის ნაკლებ შანსს მისცემდა.
თავის მხრივ, ახალ ხელისუფლებას გაუჭირდებოდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლისთვისაც საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა.
ეს კი წაახალისებდა კონსენსუსზე ორიენტირებული, მდგრადი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას, დღეს მოქმედი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, რომელიც ძალის დემონსტრირებაზეა ორიენტირებული. ეს პოლიტიკურ სისტემას მეტ სტაბილურობას შესძენდა და, აქამდე არსებული ტრადიციისგან განსხვავებით, განვითარების სტრატეგიას მხოლოდ ერთი პარტიის ხედვებს არ დაუქვემდებარებდა.
ამგვარად, მაჟორიტარული არჩევნებისთვის რამდენიმე არგუმენტი არსებობს:
დემოკრატიის არგუმენტი – რომელიც ამბობს, რომ ამომრჩევლის წარმომადგენლობითი ორგანო უნდა ასახავდეს ამომრჩევლის განწყობას;
შერეული სისტემის მანკიერების არგუმენტი – რომლის მიხედვითაც, შეზღუდული რესურსების პირობებში, პარტიები იძულებულნი არიან მაჟორიტარული ოლქები ხელისუფლებას დაუთმონ და არჩევნებზე მხოლოდ პროპორციული მანდატებისთვის იბრძოლონ;
სტაბილურობის არგუმენტი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პარლამენტის პოლიტიკური ლანდშაფტის რადიკალური ცვლილების რისკს შეიცავს, მაშინ როცა პროპორციული სისტემა ხელისუფლებისა და პოლიტიკის ცვლილების უფრო რბილ მეთოდს გვთავაზობს.
ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, აუცილებელია, საარჩევნო სისტემა დაუყოვნებლივ შეიცვალოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებმა 150-ვე დეპუტატი პროპორციული წესით აირჩიონ.
This post is also available in: English (ინგლისური)