ქართული კინემატოგრაფიის მდგომარეობა და ამოცანები
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 8 ივნისი, N125.
ჩვენი ცხოვრების სურათს კინემატოგრაფის ლენტზე დღემდე იშვიათად შეხვდებოდით. თითქმის არ მოიპოვებოდა ასეთი სურათები და თუ სადმე შეხვდებოდით თითო ოროლა სურათს, ის გადაღებული იყო უეჭველად რუსეთის რომელსამე დიდ ქალაქში.
მეტია იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ უნდა გადაეღოთ მაგალითად მოსკოვში, გურიის, გინდ კახეთის ცხოვრება და ბუნება.
სულ სხვაა გერმანე გოგიტიძის მიერ კინემატოგრაფის ლენტზე გადაღებული „ქრისტინე“, „გვარდიის დღე თფილისში“ და “დამფუძნებელი კრების გახსნა“.
ეს სურათები ვნახეთ გუშინ ქართული კლუბის ეკრანზე და არა გვგონია, მათ ბევრი მნახველი არ დააკმაყოფილონ.
„ქრისტინე“-ს შინაარსი, მასში მონაწილე პირების სამოქმედო ასპარეზი გურია და თფილისია.
უნდა ითქვას, რომ როგორც გურიის ცხოვრება შინაარსით, ისე გარეგნულათ, მისი ბუნების გადმოცემით, ზედმიწევნით არის შესრულებული, დღეობა ეკლესიაზე, ღატაკი დათიას სახლ-კარი, მისი ურემი, მისი ყანა, მისი ოჯახის ავეჯი, ძაღლი, კატა, ერთი სიტყვით ყოველივე წვრილმანი თქვენს თვალწინ გაირბენს გურიის უხვ ბუნებასთან ერთად – მწვანით შემოსილ მდინარეებით, ჩანჩქერებით. კარგათაა გადმოცემული აგრეთვე თფილისის ცხოვრების ის ადგილები, სადაც ქრისტინესთან ერთად ორთაჭალის ბაღებში ორი ჯგუფი კინტოებისა ქეიფობენ – ცეკვავენ.
საუცხოვოდაა აგრეთვე გადაღებული „გვარდიისა და დამფუძნებელი კრების დღეები“. თითქმის მთლიან სურათს იღებს მნახველი ამ დღეების დღესასწაულებისას. თქვენს წინ ეკრანზე ელვის სისწრაფით გარბიან გვარდიისა და ჯარის ყველა ნაწილები, ქვეითი, ცხენოსანი, არტილერია, ტყვიის მფრქვევლები, ჯავშნიანი ავტომობილები, აეროპლანი, მთავრობის შემადგენლობა, გვარდიის შტაბი, დღესასწაულში მონაწილე ხალხი თავიანთი დროშებით და სხვა. ხედავთ ბევრ ნაცნობ სახეებსაც…
სასიამოვნო და სასარგებლო მოვლენათ უნდა ჩაითვალოს ამ ნიადაგზე მუშაობა. მხოლოდ ერთი უნდა ვუსურვოთ საქმის ინიციატორთ, – რომ, საკინემატოგრაფო ასპარეზზე ჩვენში მუშაობას ისეთი ხასიათი არ მიეღოს როგორც საზღვარგარეთ ბევრ ალაგს მოხდა და ხდება.
ჩვენში კინემატოგრაფმა მიზნათ უნდა დაისახოს სამეცნიერო მოღვაწეობა, ჩვენი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ჩვენი ქვეყნის ბუნების სისწორით გადმოცემა.
ამ დარგში მოღვაწე ყოველთვის ჰპოვებს ჩვენი ხალხის სიმპატიას.
ორი [იოსებ გრიშაშვილი]