მაკრონი: “კრიზისმა შეიძლება ომამდე მიგვიყვანოს”

საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მეხუთე პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მსოფლიოს უძველესი საერთაშრისო ორგანიზაციის – შრომის მსოფლიო ორგანიზაციის (ILO) ყოველწლიურ კონფერენციას ეწვია და 11 ივნისს სიტყვით გამოვიდა.

შრომის მსოფლიო ორგანიზაცია პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, 1919 წელს, ვერსალის ხელშეკრულების ძალით შეიქმნა და სამმხრივი თანამშრომლობის პრინციპზეა აგებული – სახელმწიფოს, დამქირავებლებისა და მშრომელებისა.

ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული 187 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების წინაშე პრეზიდენტი მაკრონი სოციალური სამართლიანობის დაცვის მძაფრი მოწოდებით გამოვიდა, თანაც მსოფლიოს დემოკრატიული წესრიგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მწვავე კრიზისის შესახებ ისაუბრა.

“ქაოსი ჩვენს გვერდითააო” არწმუნებდა საფრანგეთის ლიდერი მსმენელებს და თავის სიტყვებს პოეტური მეტაფორებითა და დრამატიზმით აზავებდა:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისმა, რომელშიც ახლა ვართ შეიძლება ომამდე და ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოების დაშლამდე მიგვიყვანოს. ამაში ღრმადა ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც სავარძლებში კომფორტულადაა მოკალათებული და ამბობს, რომ ეს აჟიტირებული ადამიანების უსაფუძვლო შიშებია, ცდებიან. სწორედ ამგვარმა “ბრძენკაცებმა” ერთ დღესაც გამოიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ ევროპის გარეთ აღმოჩნდნენ, მაშინ როცა ფიქრობდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო [მითითება ბრეგზიტზე – რედ.]. სულაც არ მსურს თვვენთან ერთად იგივე შეცდომა დავუშვა.”

ამავე გამოსვლისას, მაკრონმა აღიარა “ყვითელი ჟილეტების” კრიზისის მოგვარებისას დაშვებული შეცდომები.

“ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში საფრანგეთმა ფრიად რთული კრიზისი გამოიარა, რომელიც მე პირადად გარკვეულწილად ახალ შესაძლებლობად აღვიქვი”, და აღსარებასავით დაამატა “უნდა ვისწავლოთ ადამიანების მოსმენა, იმის დიდი მორჩილებითა და თავმდაბლობით აღიარება, რომ ცუდად მოვიქეცით (…) უნდა ვისწავლოთ მეთოდების შეცვლა (…) ვაღიაროთ. ჩვენს თანამოქალაქეებს სურთ უკეთ გაიგონ რა ხდება, სურთ მთავრობა მათთან უფრო ახლოს იყოს, სურთ ის უფრო ადამიანური იყოს.”

მაკრონმა აღნიშნა “ეგებ, ზოგჯერ [კრიზისიდან გამოსვლის] მართლაც კარგი და ადექვატური ზომები ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეებისაგან ზედმეტად დაშორებით, ისეთი მიდგომით, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც რაღაც იცის, მათ კი მხოლოდ თმენა მართებთ. ეს ფუნდამენტური შეცდომა იყო,” აღიარა მაკრონმა.

“გავეშებული კაპიტალიზმი”

პრეზიდენტ მაკრონს თანამემამულეები ხშირად საბანკო სექტორთან და – შესაბამისად – ფინანსურ კაპიტალთან სიახლოვეს აყვედრებენ. ამდენადაც, ცოტათი მოულოდნელი იყო, რომ ამ გამოსვლაში მან თითქმის სიტყვა-სიტყვით გამოიყენა ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა საკროზის (Nicolas Sarkozy) ფრაზა, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისისას განაცხადა “ფინანსური კაპიტალი გააგიჟა რეგულაციების არარსებობამ და მხოლოდ ახლა ვიწყებთ გაცნობიერებას, თუ რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს ისო.”

გავიდა ათი წელი და ახლა უკვე პრეზიდენტი მაკრონი ამბობს, რომ პროფესიული გაერთიანებების თავისუფლება, რომელსაც შრომის მსოფლიო ორგანიზაციის 189 კონვენციიდან ერთ-ერთი უზრუნველყოფს, “დემოკრატიის განუყოფელი საყრდენიაო”, “გავეშებული კაპიტალიზმის მიერ წახალისებული უთანასწორობის” წინააღმდეგ საბრძოლველად.

“რაღაც სწორად აღარ მუშაობს ამ კაპიტალისტურ სისტემაში, რომელიც სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობის ადამიანებს ამდიდრებს”, თქვა მაკრონმა. “საბაზრო ეკონომიკა სულ უფრო ნაკლებად სოციალური და სულ უფრო ნაკლებად ლიბერალური ხდება”, დაასკვნა მან.

კაპიტალიზმის მიმდინარე კრიზისი “შესაძლოა უმსხვერპლოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არავინაა, ვინც მსხვერპლის სახელით ილაპარაკებსო” გააფრთხილა მაკრონმა კოლეგები.

ვითარებაში “როდესაც ხალხი ვეღარ გრძნობს, რომ პროგრესი მათაც შეეხება (…) ავტორიტარიანიზმი მიმზიდველი ხდება” განაცხადა მაკრონმა და გაიმეორა “ამ ვითარებაში მულტილატერალიზმი [სახელმწიფოების ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში – რედ.] კიდევ უფრო გარდაუვალი აუცილებლობა ხდება”.

საფრანგეთის პრეზიდენტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს – საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), მსოფლიო ბანკს (WB), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას (WTO) – შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას თვლის საჭიროდ და ამ საკითხზე მიდგომისათვის საერთაშორისო წესრიგი და თავისი კოლეგებიც გაამათრახა.

“აღარ უნდა შეგვეძლოს ჯერ აქ [ILO-ში – რედ.] ერთ რამეზე ვისაუბროთ და მერე სავალუტო ფონდის ან ევროკომისიის მაგიდასთან დამსხდრებმა ვთქვათ “იცით, ფინანსური კრიზისის გადასალახად სოციალური უფლებების შეზღუდვაა საჭირო” – ეს უნდა დასრულდეს! (…) ვერ უნდა ვამბობდე იმას, რაც ეხლა აქ გითხარით და მერე კი, WTO-ში პირიქით, ვთქვა “ვაჭრობა მშვენიერია, აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები დავდოთ ყველასთან, მერე რა რომ იქ სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრობლემებია. გაუმარჯოს დამპინგს! ყველაფერი კარგად იქნება, ვაჭრობა ყველას გაამდიდრებს!” მსოფლიო ერთმანეთისაგან გაცალკევებული მილებივით ვეღარ იმუშავებს.”

ოთხი პრიორიტეტი

პრეზიდენტმა მაკრონმა მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია სოციალურ თემატიკაზე:

“მე აღარ მსურს საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი შეთანხმებები, რომლებიც სოციალური და გარემოსდაცვითი ტვირთის [ღარიბ ქვეყნებზე ან ადამიანებზე] გადაბარებას გულისხმობს. აღარ მსურს, რომ ევროპაში ვაცხადებდეთ, რომ ეკონომიკური და ფინანსური სისტემების გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური უფლებების დაცვა, რადგან ამ გზით ჩვენ ექსტრემისტებს ვასაზრდოვებთ.”

მაკრონის თქმით, მხოლოდ მეთოდების შეცვლა საკმარისი არაა. მან ოთხი პრიორიტეტი წარმოადგინა: უთანასწორობასთან ბრძოლა; სოციალური დაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა 2030 წლისათვის; მშრომელების დახმარება ციფრულ ეკონომიკასთან ადაპტირებისათვის; და ეკოლოგიური პოლიტიკის გარდაქმნა.

მან კოლეგებს მოუწოდა “საჯარო სოციალური წესრიგის” ჩამოყალიბებისაკენ და დიდი შვიდეულის წევრებს “სოციალური და გარემოსდაცვითი ფონდის” შექმნა შესთავაზა.

ამ გამოსვლამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგული სინდიკატებისა (მრეწველთა გაერთიანებების) და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. “შეიძლება დამაბრალოთ, რომ ILO-ში “კრიპტო-მარქსისტული” გამოსვლა მაქვს, სახლში კი ჩემებურად ვაგრძელებ საქმეების მოგვარებას. არ დაიჯეროთ” – განაცხადა მაკრონმა ამ შეხვედრის შემდეგ.

ფრანგი დამკვირვებლების ხედვით, შესაძლოა ამ გამოსვლით მაკრონის საპრეზიდენტო ხუთწლედის მეორე, სოციალური ნაწილი სწორედ ჟენევაში გაიხსნა.

Via
Le Monde
Source
« La crise peut conduire à la guerre », avertit Emmanuel Macron à Genève