პრეზიდენტი ჟენევაში შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 10-11 ივნისს შვეიცარიას სტუმრობდა, ჟენევაში შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

საიუბილეო კონფერენცია, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება, ჟენევაში 10-21 ივნისს ტარდება და მას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი ესწრება.

თავის სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, საქართველოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური და შრომის უფლებები ახალი კონსტიტუციითაა გარანტირებული. მისივე თქმით, შრომის კოდექსის „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებთან, ევროკავშირის რეგულაციებთან და საუკეთესო გამოცდილებასთან ჰარმონიზაცია ასევე კონსტიტუციურად არის გამყარებული“.

პრეზიდენტის თქმით, შრომის უსაფრთხოების ახალი კანონი არის ყველაზე ბოლო მიღწევა, რომელიც „შრომის უფლებების დაცვის, ეფექტურ სანქციებს, შრომის ინსპექტორის მანდატის გაძლიერების და მუშაობის კულტურის ცვლილების უმაღლეს სტანდარტს აყალიბებს“.

საკუთარ სიტყვაში პრეზიდენტი ასევე მიესალმა საქართველოს მიერ ანტიდისკრიმინაციული და სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებას.

„თანაბარი უფლებები ქალებისა და კაცებისთვის სწორედ ის პრინციპებია, რაც მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. მე, როგორც საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, ამას საკუთარ პასუხისმგებლობად განვიხილავ. კანონმდებლობა ასევე უნდა დაიხვეწოს ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის სხვაობის, შტატების შემცირების, შრომითი ხელშეკრულებებისა და სამუშაო საათების კუთხით არსებული სხვა ასპექტების მიმართულებითაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის ყურადღება უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელზე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და არალეგალურ მიგრაციაზე გაამახვილა.

მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არც შრომითი უფლებებია.

„ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ე.წ. სასაზღვრო პუნქტებთან. ხშირია არალეგალური დაკავება და გატაცებები საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ინტენსიურად ხდება ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დარღვევა, მათ ართმევენ ყველაზე მთავარს – სიცოცხლის უფლებას. უზღუდავენ განათლების მიღების უფლებას. მათ შორის, ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე და ეს ხდება რუსიფიკაციის აქტიური პოლიტიკის გატარების გზით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადისს და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს ერნა სოლბერგს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გაი რაიდერს, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის და ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაჩელეტს შეხვდა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)