შეიპყრეს ბათუმიდან თფილისში გასტროლებზე ჩამოსული “ჟოკე მიშკას” ქურდები
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 13 ივნისი, N126.
სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა პ. ზ. ფაჩულიამ ცნობა მიიღო, რომ ბათუმიდან თფილისში გასტროლებზე გამოემგზავრნენ „ჟოკე მიშკას“ მეთაურობით ცნობილი ქურდ-თავდამსხმელნი. მილიციის ცნობით ეს ბრბო უკვე ჩამოსულიყო თფილისში და 7 ივნისს ღამით ძველი სემინარიის პირდაპირ მუზეუმის ვიწრო ქუჩიდან, სარდაფიდან კალატოზოვის უნივერსალურ მაღაზიის გატეხვას აპირებდა. მილიცია ქურდებს მართლაც კვალ და კვალ მიჰყვა და ღამის 10 საათზე გახურებული მუშაობის დროს თავს დაესხა. შეიპყრა სულ ხუთი კაცი, რომელნიც აღმოჩდენ: ნიკოლოზ არუთინის ძე დანელიანცი, მიხეილ ზაქარიას ძე ადამოვი (ჟოკე მიშკა-თ წოდებული), რომან გიორგის ძე გვარამაძე, მატაცაშვილი რაჟდენ ილარიონის ძე და ამირანაშვილი ივანე ვასილის ძე. მათ აუარებელი სატეხი და სალეწი იარაღები აღმოაჩნდათ და მილიცია განცვიფრებაში მოვიდა. აქ ნახავდით დიდრონ მაკრატელებს, რომელნიც ერთ წუთს ქაღალდის ფურცლებსავით სჭრიდა დიდ რამდენიმე გოჯის რკინეულობას და უზარმაზარ კლიტეებს. აქ იყო ეიდაფორმის ფერი წამლები წვრილ-წვრილ შუშებში, რომლის შესხმა-პკურების დროსაც კედლები და აგურები თავის თავათ იფხვნებოდა და მტვრათ იქცეოდა. აქ ნახეს ათასგვარი ჯურის გასაღებები, ქლიბები, ხერხები, ერთი სიტყვით მთელი ლაბორატორია და სახელოსნო ფართე მასშტაბში დაჭერილი. გვარამაძის მეუღლის ივანიკოვის ბინის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს 12 წყვილი ქალის ფეხსაცმელი.
ყველა ქურდნი და თავდამცემნი მშვენიერ ევროპიულათ გამოწყობილნი იყვნენ. ყველანი გამოტყდნენ დანაშაულში და დაპატიმრებული იქნენ.